ქარტიის საბჭოს განცხადება 17 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით
16.05.2015

კატეგორია : განცხადებები;
2015 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისი დღეს, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და აქტივისტები ლგბტ ადამიანთა მიმართ სოლიდარობას თბილისშიც გამოხატავენ. ღონისძიების მონაწილეებს სურთ საზოგადოებასა და ხელისუფლებას 2012 წლის 17 მაისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გააცნონ. ორგანიზაცია "იდენტობის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია ისიც, რომ ღონისძიებაზე დასწრება მხოლოდ წინაწარ აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის იქნება შესაძლებელი, ხოლო ისეთი მედიასაშუალებები, რომელსაც საზოგადოება ჰომოფობიური განცხადებებითა და სიუჟეტებით იცნობს, უსაფრთხოების მიზნით ღონისძიებაზე არ დაიშვებიან. ორგანიზაციის ვებგვერდზევე გამოქვეყნებულია ლგბტ საკითხების გაშუქების გზამკვლევიც. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიესალმება სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივას და იმედოვნებს, ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოება, ისე როგორც მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან ბოლომდე იქნება დაცული. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, თავის მხრივ, მთელი დღის განმავლობაში დააკვირდება მედიის მუშაობას. ქარტია მიიჩნევს, რომ ამგვარ ვითარებაში განსაკუთრებული როლი ენიჭება მედიას, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ მიიღოს ზუსტი და გაწონასწორებული ინფორმაცია მიმდინარე მოვლენების შესახებ. საბჭო სთხოვს მედიის წარმომადგენლებს, მეტი სიფრთხილით და მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების გათვალისწინებით მოეკიდონ როგორც 17 მაისის ღონისძიების გაშუქებას, ისე მთლიანად ამ თემის გაშუქებას წინა დღეებში.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.