მიმართვა საჯარო მოხელეებს
20.02.2014

კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო, შეშფოთებას გამოთქვამს, გაზეთ "გურია ნიუსის" ჟურნალისტის მიმართ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კონსტანტინე შარაშენიძის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტის გამო. აღნიშნულის შესახებ, საზოგადოებისთვის, ამავე გაზეთის ვებ გვერდზე, აუდიოჩანაწერის თანხლებით 15 თებერვალს გახდა ცნობილი.
ჟურნალისტ ჟანა მეგრელიშვილისა და კონსტანტინე შარაშენიძის საუბრის აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ გამგებლის გაღიზიანება, ჟურნალისტის მხრიდან, არასასურველ შეკითხვას მოჰყვა, რის შემდეგაც მან მეგრელიშვილს შეურაცხმყოფელი სიტყვებითა და გინებით მიმართა.
აღნიშნულის შესახებ, ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს, სპეციალური განცხადება გაავრცელა გამგებელმა კონსტანტინე შარაშენიძემ, რომელშიც დაადასტურა "გურია ნიუსის" მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა და ბოდიში მოიხადა გამოცემისა და საზოგადოების წინაშე.
ბოდიშის მოხდის ფაქტი, მორალური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დადებითი მომენტია. თუმცა, საჯარო მოხელეს არ ათავისუფლებს იმ პასუხისმგებლობისგან, რომელიც მას თანამდებობაზე ყოფნისას აქვს დაკისრებული, ანუ კანონის წინაშე პასუხისმგებლობისგან. გარდა ამისა, დღევანდელი ქართული კანონმდებლობა, ბოდიშს, როგორც პასუხისმგებლობის ზომას არ ითვალისწინებს.
აქედან გამომდინარე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ, საჯარო მოხელისგან მსგავსი ქმედება, უნდა აღიქმებოდეს კანონის დარღვევად "საჯარო სამსახურის შესახებ" და საჭიროებს ჯეროვან რეაგირებას, ზემდგომი ინსტანციების მხრიდან, რაც მასზე დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებაში უნდა გამოიხატოს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭო მოუწოდებს, ბატონ კონსტანტინე შარაშენიძეს და სხვა საჯარო მოხელეებს, ჟურნალისტებთან ურთიერთობისას იხელმძღვანელონ, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებით, რათა მედიის წარმომადგენლებს მიეცეთ პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მნიშვნელოვანად მიიჩნევს მოხდეს ადეკვატური რეაგირება მსგავს ცალკეულ შემთხვევებზე, რომ დაუსჯელობის სინდრომი არ იყოს გადამდები სხვა საჯარო პირებისთვის.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.