ქარტიის ახალი პროექტი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის
04.09.2013

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, 27 ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ იწყებს ახალი პროექტს – მედიის  წინასაარჩევნო  ქცევის კოდექსი. პროექტი ხორციელდება სლოვაკურ მედია მონიტორინგის ორგანიზაცია MEMO 98 -თან ერთად ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.

“პროექტი წამოვიწყეთ იმისთვის, რომ მომავალი არჩევნების პერიოდში დავეხმაროთ მედიას საკუთარი მნიშვნელოვანი ამოცანის გადაჭრაში. მიხარია, რომ მხარს გვიჭერენ წამყვანი ტელევიზიები, რომლებმაც გადაწყვიტეს ხელი მოაწერონ ამ კოდექსს”, განაცხადა ზვიად ქორიძემ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიიდან, ”ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ვინც ეთანხმება მედიის  წინასაარჩევნო  ქცევის კოდექსს და სურს შემოგვიერთდეს.”

“საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ საპრეზიდენტო კანდიდატების შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიღებას, რათა საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ საარჩევნო ყუთებთან. ქცევის ეს კოდექსი საერთაშორისო სტანდარტებსა და  გამოცდილებას ეყრდნობა და ამით ჩვენი წვლილი შეგვაქვს საქართველოში პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესების საკითხში” განაცხადა რასტო კუზელმა, რომელიც ორგანიზაცია MEMO 98 -ს  წარმოადგენს.

”ჩვენი მონიტორინგი დაეხმარება მოქალაქეებს, რომ მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი არხები აწვდიან მათ ობიექტურ ინფორმაციას არჩევნების შესახებ”, აღნიშნა ჟურნალისტური ქარტიის საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი მგელაძემ, ”ვიმედოვნებთ, რომ ამ მონიტორინგის შედეგები დაეხმარება ჟურნალისტებს საარჩევნო კამპანიის ობიექტურად გაშუქებაში”.

მედიის მონიტორინგი განხორციელდება 2 სექტემბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით. მონიტორინგის პროცესში გამოყენებული იქნება ანალიზის რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდები. ჩვენ ძირითადად ყურადღებას გავამახვილებთ ექვს სატელევიზიო არხზე ( საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, აჭარის ტელევიზია და კავკასია). რაოდენობრივი ანალიზი განსაზღვრავს იმ ინდიკატორებს ან რიცხვით მაჩვენებლებს, რომლებიც გაიზომება და გაანალიზდება, როგორიცაა, მაგალითად, მონიტორინგის სუბიექტებისათვის დათმობილი მთლიანი დრო და ამ სუბიექტების გაშუქების ტონი (დადებითი, უარყოფითი, ნეიტრალური). თვისობრივი ანალიზი კი შეაფასებს მედიის ქმედებას იმ ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით, რომლებიც კოდექსით არის განსაზღვრული. მედია მონიტორინგის MEMO 98-ის მეთოდოლოგია დადასტურებული და აპრობირებულია მსოფლიოს 47 ქვეყანაში. მისი შინაარსზე ორიენტირებული მიდგომა სპეციალურად არის შექმნილი მედიის პლურალიზმისა და მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად, რაც ნიშნავს, რომ მონიტორინგის შედეგები არ უნდა შეადგენდეს ცარიელი და ზედაპირული მონაცემების ერთობლიობას, არამედ იგი უნდა წარმოადგენდეს სათანადო კონტექსტში შესწავლილი, მედიაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური მრავალფეროვნების დონის დეტალურ ანალიზსა და შეფასებას.

ქარტია და MEMO 98  წარადგენენ სამ შუალედურ და ერთ საბოლოო ანგარიშს, რომელშიც შეტანილი იქნება რჩევები და რეკომენდაციები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.