საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გამოხმაურება ჟურნალისტ ტარიელ ცეცხლაძის განცხადებაზე
28.05.2013

კატეგორია : განცხადებები;
27 მაისს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა ქარტიის წევრმა, ჟურნალისტმა ტარიელ ცეცხლაძემ. საკუთარ განცხადებაში ის მუშაობის დროს შექმნილ პრობლემებზე საუბრობს და ქარტიას მისი მანდატის ფარგლებში რეაგირებას სთხოვს. ქარტიის წევრი აღნიშნავს, რომ 27 მაისს იმყოფებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში , საბჭოს თავმჯდომარის ტრადიციული ბრიფინგის გასაშუქებლად, თუმცა ის პრესკონფერენციაზე არ შეუშვეს. "ღონისძიება  12:00-ზე იწყებოდა, მე - 11:45 წუთზე მივედი. უმაღლესი საბჭოს დაცვამ მითხრა, რომ ვერ შემიშვებდა შენობაში, რადგან დავალება აქვთ ტარიელ ცეცხლაძე  არ შეუშვან პრესკონფერენციაზე. სხვა ჟურნალისტები დაუბრკოლებლივ გაატარეს,  ჩემს გარდა» ჟურნალისტი ყვება, რომ ამის შემდეგ მან დახმარება უმაღლესი საბჭოს რამდენიმე დეპუტატს სთხოვა, თუმცა თავმჯდომარის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა არც მათი და არც აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის დირექტორის თხოვნა არ გაითვალისწინა "დაახლოებით 12:20 წუთზე უმაღლესი საბჭოს შენობის შესასვლელთან მოვიდნენ დეპუტატები ასმათ დიასამიძე, ეკატერინე თარგამაძე და სვეტლანა კუდბა. მათაც ვთხოვე დახმარება. დეპუტატებთან საუბრის დროს გარეთ გამოვიდა უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი მარინე კუპრეიშვილი და მითხრა - უხერხულია შენი პრესკონფერენციაზე შეშვება, რადგან შენ ავთანდილ ბერიძეს სასამართლოში უჩივლეო. მითხრა, რომ პრესკონფერენციაზე დისკომფორტს ვქმნიდი თუმცა  არ დაუკონკრეტებია ვისთვის." საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეშლა, ასევე დაუშვებელია ჟურნალისტების სხვადასხვა მიზეზის გამო განსხვავებულ პირობებში ჩაყენება, მითუმეტეს როდესაც საქმე ეხება საჯარო პირის მიერ მოწვეულ პრესკონფერენციას. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდეს აჭარის უმაღლეს საბჭოს, მის ხელმძღვანელს და საბჭოს პრესსამსახურს, არ შეუშალონ ხელი მედიის წარმომადგენლებს მუშაობაში, არ ჩააყენონ ჟურნალისტები განსხვავებულ პირობებში ამა თუ იმ მედიასაშუალების ან ჟურნალისტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამო და მისცენ მათ პრესკონფერენციებსა და სხვა ნებისმიერ საჯარო შეხვედრაზე თავისუფლად დასწრების საშუალება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.