18.05.2013
კატეგორია :
განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია დღეს
დედაქალაქის ცენტრში მომხდარი მოვლენებით, რომლის დროსაც დაშავდა
ათობით ადამიანი.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით ასევე დაშავებულები არიან რადიო
"ფორტუნას" სააგენტო "ნიუპოსტისა" და სტუდენტური მულტიმედია ჯგუფის
ჟურნალისტები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე აქციის
გასაშუქებლად იმყოფებოდნენ. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
აცხადებს, რომ ჩვენთვის უპირატესია თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური
უფლება დაიცვას საკუთარი უფლებები და გამოხატოს საკუთარი აზრი
თავისუფლად, რომ რუსთაველზე დაგეგმილი ორივე აქციის ორგანიზატორებსა
და მონაწილეებს ჰქონდათ სრული უფლება გამოეხატათ პროტესტი, თუმცა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია და გმობს იმ
ძალადობასა და აგრესიას, რომლის მოწმეც დღეს საზოგადოება გახდა.
მედიით გავრცელებული მასალები აჩენს ეჭვს და ამაზე საუბრობს სახალხო
დამცველიც და არასამთავრობო სექტორიც, რომელიც დღევანდელ მოვლენებს
აკვირდებოდა, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან ადგილი ჰქონდა
ძალადობას და კანონის დარღვევას. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
იმედოვნებს, რომ სამართალდამცველი სტრუქტურები რეაგირებას მოახდენენ
ამ ფაქტებზე. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ მსგავს
ვითარებაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება საზოგადოების
თითოეულ წევრს, სამღვდელოებას, ხელისუფლებას, არასამათავრობო სექტორს,
მედიას. ქარტიის საბჭო მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდა მედიის
მუშაობას და ერთდღიანი მონიტორინგის შედეგებს მოგვიანებით შესთავაზებს
საზოგადოებას, როდესაც მედიაში დღევანდელი მთავარი თემის განხილვა
დასრულდება და შესაძლებლობა გვექნება დავინახოთ სრული სურათი.