14.02.2013
კატეგორია : ღონისძიებები;
მონაწილეებმა იმსჯელეს ტელევიზიებში, ბეჭდურ და სოციალურ მედიაში ჰომოფობიის გამოვლენის კონკრეტულ შემთხვევებზე. მომხსენებელი ირაკლი აბსანძის მოსაზრებით, უმეტეს შემთხვევაში ამ სახის გამოხატვას არა აქვს წინასწარ განზრახული ხასიათი, „ეს უფრო იმით არის განპირობებული, რომ ადამიანებს არა აქვთ მგრძნობელობა ამ საკითხის მიმართ.“
ზვიად ქორიძის მოსაზრებით, მედიის განსაკუთრებული როლი მდგომარეობს იმაში, რომ ჟურნალისტმა ხელი არ უნდა შეუწყოს დისკრიმინაციის წახალისებას. მისი აზრით, სამწუხაროდ ყველაზე უგრძნობი თემა მედიაში არის სექსუალური უმცირესობები. მონაწილეთა მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ საგამოძიებო ორგანოების მიერ კადრების მედიისთვის მიწოდებისას, მედია საშუალებების მიერ ამ კადრების გამოყენება გარკვეულწილად უწყებს ხელს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას ლგბტ პირების მიმართ. თუმცა, იქვე აღინიშნა, რომ კარგი პრეცენდენტი იქნება, თუ რომელიმე მედია საშუალება ასეთი სახის ინფორმაციას ისე გაავრცელებს, რომ არ გამოიყენებს მოწოდებულ კადრებს, რითაც ის ხელს შეუწყობს საქართველოში არსებული სტანდარტების ამაღლებას.
ეკა აღდგომელაშვილის მოსაზრებით, მედიის როლია ხელის შეუწყოს ჰომოფობიის შემცირებას, რადგან მისი აზრით, პრობლემა ჯგუფი კი არ არის, პრობლემა ჰომოფობიაა. დისკუსიის ბოლოს გამოითქვა მოსაზრებები და რეკომენდაციები, რომ სასურველია საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგების ჩატარება ამ თემებზე, ასევე, მყისიერი რეაგირება ნებისმიერი ასეთი სახის გამოვლინებაზე. მედიაში არსებული ხარვეზების გამოსწორების საუკეთესო გზად მიჩნეულ იქნა თითოეულ დარღვევაზე მოქალაქეების რეაგირება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყოველ მეორე ოთხშაბათს მართავს დისკუსიებს მედია ეთიკის პრობლემებზე.
მომდევნო დისკუსია გაიმართება 27 თებერვალს.