ქარტიის საბჭოს განმარტება "მწვანე ალტერნატივის- საჩივართან დაკავშირებით ელისო ჩაფიძის წინააღმდეგ
04.12.2010

2010 წლის 5 ნოემბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს საჩივრით მომართა ასოციაცია “მწვანე ალტერნატივას” აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო გუჯარაიძემ გაზეთში “რეზონანსში“ (№292 (6517), შაბათი, 30 ოქტომბერი, 2010) გამოქვეყნებული სტატიის – “ეროზიის, მეწყერისა და ღვარცოფების საფრთხე საქართველოს ტერიტორიის 70-ს ემუქრება: ტყის ჭრის შედეგად გამოწვეული სტიქიური კატაკლიზმები“ (გვ.10-11), თაობაზე (სტატიის ავტორი მარი ოთარაშვილი).

ნინო გუჯარაიძის განცხადებით, წარმოდგენილი სტატიით დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მესამე, მეოთხე და მეთერთმეტე პრინციპები. იქიდან გამომდინარე, რომ მარი ოთარაშვილი არ არის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერი, ნინო გუჯარაიძემ მოითხოვა საქმის წარმოების დაწყება “რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის მოადგილის, ელისო ჩაფიძის წინააღმდეგ ზემოთ აღნიშნული პრინციპების დარღვევისთვის.

წარმოდგენილი საჩივრის საპასუხოდ ელისო ჩაფიძემ საბჭოს შემდეგი განმარტება მისცა:

“1.სტატიის გამოქვეყნების პერიოდისათვის ვიმყოფებოდი ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ სემინარზე მაროკოს ქალაქ რაბათში და, შესაბამისად, ვერანაირად ვერ წავიკითხავდი აღნიშნულ სტატიას.

2.გაზეთ რეზონანსის ბოლო გვერდზე მკაფიოდაა მითითებული, რომ გახლავართ გაზეთ “რეზონანსის” ყოველკვირეული დამატება “მთელი კვირის” მთავარი რედაქტორი და, შესაბამისად, პასუხს ვერ ვაგებ სხვა დღეებში გამოქვეყნებულ სტატიებზე, მით უმეტეს, თუკი ისინი არ წამიკითხავს და არ ჩამისწორებია.”

ელისო ჩაფიძემ, დამატებით წარმოადგინა მაროკოში ვიზიტის დამადასტურებელი მივლინებისა და მგზავრობის დოკუმენტები.

საბჭომ დამაკმაყოფილებლად მიიჩნია ელისო ჩაფიძის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები და აქედან გამომდინარე, დაუშვებლად მიიჩნია “მწვანე ალტერნატივის” საჩივრის განხილვა ელისო ჩაფიძის წინააღმდეგ

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.