ბავშვთა საკითხების გაშუქების მედიამონიტორინგი გრძელდება
13.04.2017

თბილისი, 13 აპრილი, 2017 . საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ბავშვთა საკითხების გაშუქების მონიტორინგს აგრძელებს.  მედია მონიტორინგის მიზანი ელექტრონულ, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში ბავშვთა საკითხებზე გამოქვეყნებული მასალების შესწავლა, ბავშვთა  უფლებებთან, ეთიკურ ნორმებსა და სიღრმისეულად გაშუქების პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზია. მონიტორინგი 2017 წლის 1 აპრილიდან 30 ნოემბრამდე ჩატარდება.

მონიტორინგისას გამოყენებული იქნება როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდები. გასული წლებისგან განსხვავებით წელს კვლევის ფოკუსი უფრო მეტად სიღრმისეულ ანალიზზე გაკეთდება, რაც გულისხმობს იმას, რომ მონიტორები დააკვირდებიან თუ რა ჭრილში, რა კონტექსტში შუქდება ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები, რა თემებთან დაკავშირებით ჩანან ყველაზე ხშირად ბავშვები. ამასთან გაანალიზებენ თუ რა დეტალები აკლდა ინფორმაციას სრულად წარმოსაჩენად, რამდენად რელევანტური წყაროები საუბრობდნენ.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება წინა პროექტის ფარგლებში განხორციელებული მედიამონიტორინგის ფარგლებში გამოკვეთილ ისეთ პრობლემურ თემებზე, როგორიცაა ბავშვების გამოყენება საკუთარი ცნობადობის ამაღლების და საქველმოქმედო მიზნებისთვის, მძიმე სოციალურ პირობებში და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვების გაშუქება, კრიმინალურ შემთხვევებთან დაკავშირებული ბავშვების ირიბი იდენტიფიცირება და აშ. მონიტორინგის შედეგების შესახებ შუალედური ანგარიში გამოქვეყნდება ივლისში, ხოლო საბოლოო ანგარიშს ქარტია საზოგადოებას დეკემბერში წარუდგენს.

პროექტი მონოტორინგის გარდა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს - გაიმართება დისკუსიები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა, საბავშვო არხების მონიტორინგისას გამოვლენილი ტენდენციები; ბავშვთა საკითხების გაშუქების სწავლება უმაღლესი სასწავლებლებში და ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება და მედია განათლება.

იგეგმება შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან. მათთვის გამოცხადდება კონკურსიც, მედიის შესახებ მომზადებული საუკეთესო ბლოგპოსტები გამოქვეყნდება ქარტიის მედიაკრიტიკის პლატფორმაზე, mediachecker.ge-ზე.

აგრეთვე გაიმართება 5  სემინარი, ერთი პანკისის სათემო რადიოში დანარჩენი 4 (ორი თბილისში და ორი რეგიონში) კი კონკურსის წესით შერჩეულ  მედია ორგანიზაციაში, სადაც ტრენერები  უშუალოდ რედაქციებში იმუშავებენ და ჟურნალისტებს თემების დაგეგმვასა და მასალების მომზადებაში დაეხმარებიან.

ქარტია და გაეროს ბავშვთა ფონდი ერთობლივ პროექტებს 2013 წლიდან ახორციელებენ. ბავშვთა საკითხების გაშუქებაზე ამგვარი სისტემური დაკვირვება ტენდენციებისა და განვითარების ანალიზის  საშუალებას იძლევა. მედიამონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია მედიაში ბავშვთა საკითხების ეთიკურად გაშუქების თვალსაზრისით, იზრდება ბავშვის მონაწილეობით მომზადებული მასალების რაოდენობაც, თუმცა ბავშვთა საკითხებს მედია მხოლოდ ახალი ამბების კონტექსტში აშუქებს და მოკლე ინფორმაციით შემოიფარგლება. კვლავაც პრობლემად რჩება ისეთი თემების სიღრმისეულად გაშუქება, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბავშვების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

***
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
ნატა ძველიშვილი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი
ტელ: 593 42 18 55, n.dzvelishvili@gmail.com
www.qartia.org.ge
მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
მობ.: (+995 599) 53 30 71 ელფოსტა: mkurtsikidze@unicef.org
www.unicef.ge

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.