22 დეკემბერს ქარტიის საბჭო 3 საქმეს განიხილავს
19.12.2017

კატეგორია : ანონსი;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 22 დეკემბერს შემდეგ საქმეებს განიხილავს:

19:00 საათი - ლაშა ბორძიკული (ბერი დიონისე) ხათუნა კორთხონჯიას წინააღმდეგ

სადავო გახდა ჟურნალ "თბილისელების" მიერ გამოქვეყნებული სტატია "რა ურთიერთობა ჰქონდა მოდელ კობა ფარტენაძს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან და როგორ ავიწროვებდა მას მამა ანდრია თურმანიძე". განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ჟურნალის გარეკანზე გამოქვეყნებული სურათი და სტატიის შინაარსი ერთმანეთს არ უკავშირდება და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს რაიმე შეხება აქვს გახმაურებულ "ციანიდის" სკანდალთან. განმცხადებელი თვლის, რომ დაირღვა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეათე (პირადი ცხოვრებაში შეჭრა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.

19:30 საათი - თინათინ შარაშენიძე გვანცა გიორგობიანის წინააღმდეგ

for.ge-ს-ს მიერ გამოქვეყნებულ სადავო სტატიაში ოზურგეთის მერობის კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე დადანაშაულებულია ფინანსურ მანიპულაციებსა და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ for.ge-ს მიერ მომზადებული მასალა არასწორ ფაქტებს შეიცავს, რისი დამამტკიცებელი დოკუმენტებიც არსებობს აუდიტის სამსახურისა და ექსპერტიზის დასკვნის სახით. თინათინ შარაშენიძის აზრით, დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეორე (ჟურნალისტის იძულება), მესამე (დადასტურებული წყარო), მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) და მეხუთე (შესწორება), რადგან განმცხადებლის მიმართვის მიუხედავად მასალა არ ჩასწორდა.

20:30 საათი - ტრანსგენდერ ქალთა ცენტრი არჩილ გამზარდიას წინააღმდეგ

"იბერიას" გადაცემა ეძღვნებოდა საქართველოს ნაკრების ვიცე კაპიტნის, გურამ კაშიას მიერ ჰოლანდიის საფეხბურთო ჩემპიონატში ლგბტ პირთა სოლიდარობის და ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართვას და შესაბამისი სამკლაურით სტადიონზე გასვლას. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გადაცემა შეიცავდა "ლგბტქი თემის მარგინალიზების და დისკრიმინაციის, ასევე საზოგადოებაში სტიგმატიზების მაპროვოცირებელ განცხადებებს", შესაბამისად დაირღვა ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რომელიც დისკრიმინაციას კრძალავს

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.