მოსაზრებები სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2018-2021 წლების პროგრამული პრიორიტეტების პროექტთან დაკავშირებით
20.07.2018

კატეგორია : განცხადებები;
მოგმართავთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის თანახმად და წარმოგიდგენთ მოსაზრებებს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2018-2021 წლების პროგრამული პრიორიტეტების პროექტთან დაკავშირებით:

1. არ ჩანს აღნიშნული დოკუმენტი ეყრდნობა თუ არა რაიმე კვლევას, განსხვავებით დღეს მოქმედი 2015-2016 წლების პროგრამული პრიორიტეტებისგან, რომელიც მომზადებული იყო კვლევის საფუძველზე.

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,სამეურვეო საბჭო განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროგრამულ პრიორიტეტებს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებების, მათ შორის, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მოვლენების, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების, მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების, გათვალისწინებით.“ თუ არ ჩატარებულა კვლევა სამეურვეო საბჭომ უნდა განმარტოს მიზეზები და ახსნას თუ რა დოკუმენტებით იხელმძღვანელა აღნიშნული პროგრამული პრიორიტეტების პროექტის მომზადებისას.

2. აუცილებელია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განსაზღვროს რომ პროგრამული პრიორიტეტების პროექტის 3.1 ნაწილში ჩამოთვლილი საკითხები ასახული უნდა იყოს არა მხოლოდ ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის მიერ არამედ ყველა სხვა შესაბამისი თემატიკის გადაცემებში.

3. გაურკვეველია, რატომ გადაწყვიტა სამეურვეო საბჭომ ჟურნალისტური გამოძიების შემდგომი განვითარებისა და პროდუქციის გაუმჯობესებისთვის შეიქმნას ჟურნალისტური გამოძიების პლატფორმა მხოლოდ გარე წარმოებისთვის. არ ჩანს დასაბუთება, რას ეყრდნობოდა საბჭო ამ გადაწყვეტილების მიღებისას.

მიგვაჩნია, რომ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ არ უნდა მიუთითოს მენეჯმენტს რა ფორმით მოხდეს კონკრეტული მიმართულების მედია პროდუქტის მომზადება. აღსანიშნავია ისიც, რომ მხოლოდ ჟურნალისტურ გამოძიებაზეა მითითებული გარე წარმოება, დანარჩენ შემთხვევებში ან არ არის განსაზღვრული წარმოების სახე ან ორივე მათგანია (როგორც შიდა, ისე გარე წარმოებაა) მითითებული.

4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელს გაწერილი აქვს შინაარსობრივი ვალდებულებები, მათ შორის:

  • საუკეთესო დროს გადასცეს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები, ხოლო საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას – აგრეთვე წინასაარჩევნო დებატები - აღნიშნული საკითხი არ არის პროგრამული პრიორიტეტების პროექტში გათვალისწინებული.
  • გაითვალისწინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესები, საარჩევნო კამპანიის პერიოდში და რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვის დროს ეთერში გაშვებულ არჩევნებთან/რეფერენდუმთან/პლებისციტთან დაკავშირებულ თავის გადაცემებში უზრუნველყოს სურდოთარგმანი;
  • სათანადო პროპორციით განათავსოს უმცირესობების ენაზე, უმცირესობების შესახებ და უმცირესობების მიერ მომზადებული პროგრამები.

პროგრამული პრიორიტეტები არ მოიცავს ზემოაღნიშნულ ჩამონათვალს. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სრულად შეასრულოს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შინაარსობრივი ვალდებულებები და აღნიშნული ჩამონათვალიც აუცილებელია მოხვდეს სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების დოკუმენტში და ნათლად ჩანდეს, თუ როგორ აპირებს მაუწყებელი ამ კანონისმიერი ვალდებულების შესრულებას. პრიორიტეტების მოქმედების პერიოდს ემთხვევა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში არსებული მედიის პოლარიზაციის პირობებში მნიშვნელოვანია ჩანდეს რა პრიორიტეტი აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ მიმართულებით და როგორ აპირებს ის ამ მნიშვნელოვანი მოვლენის გაშუქებას.

5. მთელ დოკუმენტში მხოლოდ ზოგადად, გაკვრით არის ნახსენები დებატები, დისკუსია, მაშინ, როდესაც მაუწყებელი სწორედ სადისკუსიო სივრცეს უნდა სთავაზობდეს აუდიტორიას და ამ მიმართულებით ქმნიდეს მნიშვნელოვან პროდუქტს, სთავაზობდეს ახალ ფორმატებს და რთავდეს საზოგადოებას საკითხების განხილვის პროცესში.

6. ჰიბრიდული ომი ისევე, როგორც „ყალბი ინფორმაციის“/”Fake News” გავრცელება წარმოადგენს თანამედროვე მედიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას. სამწუხაროდ ხშირია ასევე მედიის მიერ სიძულვილის ენის გამოყენება, როგორც ჰიბრიდული ომის წარმოების ერთ-ერთი საშუალება. არსებული გამოწვევების სირთულისა და სიმძიმის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პროგრამული პრიორიტეტების დოკუმენტში ასახოს თუ როგორ ხედავს მაუწყებლის როლს ამ პრობლემასთან ბრძოლის პროცესში.

7. აუცილებელია დაზუსტდეს ვინ უზრუნველყოფს პროგრამული პრიორიტეტების შესრულების შეფასებას. ამასთან, რა სახის კვლევები შეიძლება დაედოს მას საფუძვლად.

სამეურვეო საბჭომ უნდა განმარტოს რა დაედო საფუძვლად საქმიანობის შეფასების საზომების შემუშავებას და ვის მიერ იქნა აღნიშნული დოკუმენტი მომზადებული. ასევე აუცილებელია შეფასდეს რამდენად შესრულდა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან 2015-2016 წლების პრიორიტეტები და სწორედ ამ ჭრილში იქნეს განხილული და მიღებული ახალი პრიორიტეტები.

8. სამეურვეო საბჭოს მიერ პროგრამული პრიორიტეტების შესრულების მონიტორინგისა და შესაბამისი შეფასება/რეკომენდაციების საჯაროობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს;

საერთო ჯამში, შემოთავაზებული პროექტი არის ზოგადი და მკაფიოდ არ ჩანს რა არის მაუწყებლის კონკრეტული პროგრამული პრიორიტეტები. შესაბამისად, სამეურვეო საბჭოსთვის პრობლემატური იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების შესრულების შეფასება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.