ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიმართვა შსს-ს
09.07.2019

კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის ცნობილი გახდა, რომ 8 ივლისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე 2 აქციის გაშუქებისას დემონსტრანტთა ნაწილი აგრესიული იყო ჟურნალისტების მიმართ, ხელს უშლიდა მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებას. ამის საპასუხოდ რეპორტიორების დაცვის ნაცვლად სამართალდამცავები მათ ურჩევდნენ ტერიტორიის დატოვებას. ამასთან ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის უწევთ ახსნა თუ რატომ არის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა დანაშაული. 

ანტისაოკუპაციო აქციის საპირისპიროდ გამართული დემონსტრაციის მონაწილეთა აქტივობების გაშუქებისას ჟურნალისტების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება ბოლო პერიოდში გახშირდა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ არაერთხელ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა ადგილზე მომუშავე რეპორტიორების უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, ამგვარი ფაქტები აღკვეთილი არ ყოფილა. უფრო მეტიც, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა სისხლის სამართლის კოდექსით (მუხლი 154) დასჯადია, თუმცა, საქმეები რომელთა გამოძიებასაც ამ მუხლით ვითხოვდით, დასრულებული არ არის და საზოგადოებისთვის უცნობია საერთოდ ვინმე ისჯება თუ არა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის გამო. კვლავაც არ გვაქვს ინფორმაცია 21 ივნისის ღამის გამოძიების საქმეზე, როდესაც 38 ჟურნალისტი დაზიანდა ფიზიკურად სამართალდამცავების მიერ ნასროლი რეზინის ტყვიებით.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის, როგორც ჟურნალისტური გაერთიანებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს თითოეული ჟურნალისტის უსაფრთხოება, რათა მათ შეძლონ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელება და საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე მოვლენების შესახებ. 

აქედან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, მიაწოდეთ ინფორმაცია თითოეულ სამართალდამცავს იმის შესახებ, რომ საქართველოს კანონმდებლობით დაცულია ჟურნალისტის საქმიანობა, რეპორტიორები იმყოფებიან დემონსტრაციაზე არა როგორც მხარდამჭერები, არამედ მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისთვის. ამიტომაც სამართალდამცავები ვალდებულნი არიან  უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება. დაიცავით ჟურნალისტები სხვადასხვა პირთა აგრესიული ქმედებებისგან და მიეცით საშუალება თავისუფლად გააშუქონ მიმდინარე მოვლენები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.