ქარტიის საბჭოს განცხადება აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსის შესახებ
26.09.2019

კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო თვალს ადევნებს საზოგდოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში განვითარებულ მოვლენებს. მას შემდეგ, რაც მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტით თანამდებობიდან გაათავისუფლა დირექტორი, სამი კონკურსის გამართვის შემდეგ ვერ მოახერხა ახალი დირექტორის არჩევა და უკვე 5 თვეა მაუწყებელი ფაქტობრივად დირექტორის გარეშე ფუნქციონირებს, მეოთხედ გამოცხადებული კონკურსი კი სასამრთლოს განჩინებით შეჩერდა. ამ მოთხოვნით სასამართლოს დირექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გოგა კოხრეიძემ მიმართა. ის მიიჩნევს, რომ მრჩეველთა საბჭოს სხდომის ის ოქმი უნდა გაუქმდეს, რომლითაც მესამე კონკურსი ჩაიშალა და გოგა კოხრეიძე უნდა გამოცხადდეს არჩეულ დირექტორად. სასამართლომ განჩინება ზუსტად იმ დღეს გამოიტანა, როდესაც მეოთხე კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღების ვადა უნდა ამოწურულიყო.

მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, ნატა იმედაიშვილმა პროცესზე პოლიტიკურ გავლენებზე მიანიშნა, ეჭვები გამოთქვა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია ზოიძემ, თავად მაუწყებლის ჟურნალისტები კი ქარტიასთან გამოთქვამენ შიშს, რომ მოვლენების ამგვარი განვითარება დირექტორის არჩევაში ხელისუფლების ჩარევას მიანიშნებს.

ქარტიის საბჭო იზიარებს ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ეჭვებსა და შიშს. გვსურს ხაზი გავუსვათ საზოგადოებრივი მაუწყებლის განსაკუთრებულ როლს და იმ მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის მნიშვნელობას, რითიც აჭარის ტელევიზია და რადიო გამოირჩევა. ამ მიუკერძოებლობის შენარჩუნება უნდა იყოს უპირველესი ამოცანა როგორც მრჩეველთა საბჭოსთვის, ისე ყველა იმ პირისთვის, ვისაც პირდაპირ, თუ ირიბად ზეგავლენა აქვს პროცესზე. შესაბამისად, უკიდურესად მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ყველა ქმედებას და გაიაზროს ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს, საბოლოოდ კი აუდიტორიას.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.