30.11.2019
კატეგორია : განცხადებები;
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან საუბარში რამდენიმე მედია საშუალების წარმოამადგენელი აცხადებს, რომ აქციაზე პოლიციელები მათ საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიდნენ (ამის ამსახველი ვიდეო მასალაც გავრცელდა).
შეგახსენებთ, რომ 29 ნოემბერს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა, შენობის გარეთ კი ხელისუფლების მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქცია იმართებოდა. ამ აქციას მრავალი ჟურნალისტი აშუქებდა. გადაღებული ვიდეო კადრებითა და ფოტოებით აშკარაა, რომ ჟურნალისტებს რთულ პირობებში უხდებოდათ მუშაობა. მათი ნაწილი სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ხელშეშლის შესახებ ზოგიერთმა ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერშიც ამცნო აუდიტორიას.
ეთიკის ქარტია გმობს სამართალდამცავების მსგავს ქცევას და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, უზრუნველყოს აქციებზე ჟურნალისტების უსაფრთხოება და იზრუნოს მათთვის ნორმალური სამუშაო პირობების შექმნაზე. ასევე მკაცრი მითითება მისცეს აქციებზე მომუშავე სამართალდამცავებს და განუმარტოს, რომ ჟურნალისტებს სრული უფლება აქვთ მსგავსი აქციები დაუბრკოლებლად გააშუქონ, პოლიციას კი კანონით ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ზრუნვაც ევალება.