კოალიცია მედია ადოკატირებისათვის „TV პირველის“ გარშემო განვითარებულ პროცესებს საგანგაშოდ მიიჩნევს
10.02.2020

კატეგორია : განცხადებები;
გვსურს, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატოთ „TV პირველის“ გუნდის მიმართ. მცირე ფინანსური და ტექნიკური რესურსის მიუხედავად, მედიის პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე, მაუწყებელი ახერხებს ობექტური და მაღალკვალიფიციური მედიაპროდუქტების შექმნას.

ეს შედეგები განსაკუთრებული მონაპოვარია, რაც არაერთ შიდა / საერთაშორისო დასკვნაში აისახა დადებითად. ყველასთვის ცხადია, რომ თავისუფალი „TV პირველის“ არსებობა მნიშვნელოვნად ცვლის მედიაგარემოს საქართველოში. თუმცა ამ არხის ჟურნალისტების და მენეჯმენტის სამუშაო გარემო ყოველთვის არ არის სათანადოდ დაცული ჩარევისაგან.


2020 წლის 06 თებერვალს „TV პირველის“ დამფუძნებლების ოჯახის წევრის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მაუწყებლის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით - მამამ, ავთო წერეთელმა გონება სამსახურში დაკარგა, ის ნერვიულობდა მიმდინარე სასამართლო პროცესებზე და ვარაუდობდა, რომ მალე დააპატიმრებენ.


ვატო წერეთლის შეფასებით, ეს სიცოცხლით ვაჭრობის პრეცედენტია. ის მიიჩნევს, რომ ევაჭრებიან თავისუფალ მედიას - „TV პირველს“ და ავთო წერეთელმა ამდენ სტრესს ვერ გაუძლო. ის პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს და გამოთქვამს ვარაუდს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო გაამძაფრებს მათი არხის წინააღმდეგ ბრძოლას. მაუწყებლის გუნდი კი აცხადებს, რომ ნებისმიერი ძალისხმევის მიუხედავად, ეს არხი დარჩება კრიტიკულ მაუწყებლად. „ვერავის ახირების და მოთხოვნების გამო ჩვენ ამ მოვალეობას ვერ გადავუხვევთ. ჩვენ ვიქნებით ისეთები, როგორიც ვართ და ვიდრე ვართ. ამის თქმის შესაძლებლობას ჟურნალისტური გუნდის შეგნებული არჩევანის გარდა, მე მაძლევს „TV პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის შემართება და პრინციპულობა“ - განაცხადა მაუწყებლის ეთერით წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა.


კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ საზოგადოებას შეახსენებს, რომ 2019 წლის 6 მარტს საქართველოს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული წერილის ნაწილში, სადაც საუბარი იყო სამ, უპირობოდ შესასრულებელ მოთხოვნაზე, ორი საკითხი „TV პირველისა“ და „არტარეას“ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას ეხებოდა. კოალიცია მიიჩნევდა, რომ გავრცელებული ინფორმაცია მედიის საქმიანობაში ჩარევას და სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობას ჰგავდა და მოუწოდა საქართველოს პროკურატურას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მედიასაშუალებებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტების მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოძიებისათვის, რათა საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვაზე პასუხი ამომწურავად ყოფილიყო გაცემული. მიუხედავად ამ მაღალი საჭიროებისა, ხელისუფლებამ გამოძიება ბოლომდე ვერ მიიყვანა.


აღნიშნულის ნაცვლად კი ჩვენ ვხედავთ ამავე საკითხზე გაჭიანურებულ სასამართლო პროცესებს, რომელში მონაწილეობის ფონზე 2020 წლის 06 თებერვალს ტელეკომპანიის დამფუძნებლის ოჯახი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ. „TV პირველის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები ერთ-ერთი საგანგაშო სიგნალია, რადგან ასევე კრიტიკული მდგომარეობაა სხვა დამოუკიდებელი მედიამენეჯერების და დამფუძნებლების საქმიანობის თავისუფლების შემთხვევებშიც.


დამოუკიდებელი მედია ერთ - ერთი აუცილებელი და საიმედო ინსტრუმენტია დემოკრატიის განვითარებისათვის ნებისმიერ ქვეყანაში. ადამიანების უფლებების დაცვის გარანტიები მხოლოდ სიტყვის თავისუფლებით შეიძლება შენარჩუნდეს, ხელისუფლება კი ვალდებულია მოქალაქეებს და ორგანიზაციებს შეუქმნას თავისუფალი არსებობისთვის საჭირო ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობა. განსაკუთრებული გამოწვევაა მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობის და ჟურნალისტების საქმიანობის თავისუფლების უზრუნველყოფა.


ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას სწრაფი და ობიექტური გამოძიებით შეაჩეროს მედიის თავისუფლებისათვის შექმნილი რისკები. მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ საქართველოში ჟურნალისტების და მედიაორგანიზაციების ირგვლივ წარმოქმნილ კრიზისებს. კოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების პროცესს. ვწუხვართ, რომ აქამდე არსებულ მნიშვნელოვან დარღვევებს დაემატა ადამიანის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანიც.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.