ეთიკის ქარტიის განცხადება ანრი ოხანაშვილის მხრიდან თამარ ჩიხლაძის შეურაცხმყოფელ განცხადებაზე
12.02.2020

კატეგორია : განცხადებები;
დღეს, 12 თებერვალს, TV პირველის ეთერში, გადაცემაში “დიანა ტრაპაიძის დღის ამბები” პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა TV პირველის ჟურნალისტი “ღამის ამბების” წამყვანი თამარ ჩიხლაძე შეურაცხმყოფელი ფრაზებით მოიხსენია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა, TV პირველის წამყვანი გააკრიტიკა გადაცემაში იმ პირის მიწვევის გამო, რომელსაც ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარა ედება ბრალად .

ოხანაშვილმა გადაცემის წამყვანის შესახებ მწვავე შეფასებები გააკეთა, რამდენჯერმე ახსენა მასთან მიმართებით მორალი და ზნეობა და დიანა ტრაპაიძის რჩევაზე, ამ გადაცემის შესახებ ქარტიისთვის მიემართა, განაცხადა: “მორალი და ზნეობა არის უპირველესი ღირებულება, რაც ადამიანს უნდა გააჩნდეს, რა პროფესიაშიც არ უნდა იყო და როდესაც ამ სტანდარტს და ღირებულებას გადაუხვევთ, იქ ჩივილს აზრი აღარ აქვს. რაზე მესაუბრებით დიანა, მორალი და ზნეობა თუკი არ გააჩნია ადამიანს, რომელ ჩივილზეა საუბარი”.

ხელისუფლების წარმომადგენელმა მოუწოდა ჟურნალისტს, რომ ამ პირის ეთერში მიწვევის ნაცვლად უმჯობესი იყო ადგილზე ჩასულიყვნენ და სხვა პირებს გასაუბრებოდნენ. ოხანაშვილმა “TV პირველის” ჟურნალისტებს ამ საკითხზე ჟურნალისტური მოკვლევის და გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ, რამდენიმე დღის წინ, ამავე თემაზე თამარ ჩიხლაძე აგრესიულად გააკრიტიკა საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა დავით მათიკაშვილმა. წამყვანმა მასაც მოუწოდა, რომ პრეტენზიები პროფესიულ ჭრილში, თვითრეგულირების ფორმატში განეხილათ და ეთიკის ქარტიისთვის მიემართათ.

TV პირველთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ, 10 თებერვალს, განცხადება გაავრცელა კოალიციამ მედია ადვოიკატირებისთვის (რომლის წევრი ეთიკის ქარტიაც არის). განცხადებაში შეშფოთება იყო გამოთქმული TV პირველის მესაკუთრის ოჯახის წევრზე შესაძლო სამართლებრივი წნეხის შესახებ.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხორციელდება ხელისუფლების მიზანმიმართული შეტევა ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მატარებელი ტელევიზიის მიმართ. ქარტიის საბჭო გმობს აღნიშნულ ფაქტებს, მოუწოდებს ხელისუფლებას თავი შეიკავოს ჟურნალისტების მიმართ მსგავსი, აგრესიული ფორმით თავდასხმისგან და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს შეახსენებს, რომ ნებისმიერი შესაძლო ჟურნალისტური შეცდომა უნდა განიხილებოდეს თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.

მედიის მიმართ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების განგრძობითობა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლება ებრძვის კრიტიკულ აზრს და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის თავისუფლად მუშაობას.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.