23.03.2020
კატეგორია : განცხადებები;
ქარტია მოუწოდებს ჟურნალისტებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვა და დაემორჩილონ კონკრეტულ ტერიტორიაზე გადაადგილების აკრძალვას, რადგან საფრთხე ექმნება როგორც წესის დამრღვევს, ასევე მის გარშემო მყოფ პირებს.
ასევე, იმ ჟურნალისტებს, რომლებსაც აქვთ ადგილზე მუშაობის უფლება, ქარტია მოუწოდებს მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები. მედია მენეჯერებს კი მიმართავს, მაქსიმალურად დაიცვან და უზრუნველყონ უსაფრთხების წესები მათი თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილებზე.
ქარტია მოუწოდებს მედიასაშუალებებს, განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ მიღებული ინფორმაცია და ყველა ზომა მიიღონ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად. ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს.
ქარტია მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, დროულად მიაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია მედიასაშუალებებს, რათა თავიდან ავიცილოთ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება. ამასთან, მთავრობამ, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის მეტი ინფორმირებისთვის, ადგილობრივ მედიას ინფორმაცია მიაწოდოს მათთვის გასაგებ ენაზე.