24.03.2020
კატეგორია : განცხადებები;
გუშინ, 2020 წლის 23 მარტს, გაცხადდა მაუწყებლის დირექტორის კიდევ ორი გადაწყვეტილება, რომელიც ერთის მხრივ, აღრმავებს ეჭვებს მაუწყებელში განსხვავებული პოზიციის მქონე ჟურნალისტების დევნისა და შევიწროების შესახებ. მეორეს მხრივ, ადასტურებს რომ მაუწყებელი თავს არიდებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული ფუნქციის შესრულებას.
ჩვენთვის ცნობილია, რომ დირექტორის გადაწყვეტილებით, ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე მივლინებულ იქნა რეპორტიორად ქუთაისში, ოპერატორის გარეშე. ჟურნალისტს შეეზღუდა ტელეეთერით მუშაობა და დაევალა მხოლოდ რადიოსა და ვებ-გვერდისთვის საქმიანობის გაგრძელება. ჟურნალისტი მიიჩნევს, ამ ცვლილებით მას სამსახურიდან წასვლას აიძულებს მენეჯმენტი. რადგან მისთვის შეუძლებელია სრულყოფილად შეასრულოს ახალი ამოცანები.
შეგახსენებთ, რომ თეონა ხარაბაძე აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის ერთ-ერთი გამორჩეული ჟურნალისტია და ის მაღალკვალიფიციურად მუშაობს პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების გაშუქებასა და სოციალურ თემების მიმართ საზოგადოების ინფორმირებულობისათვის. ვვარაუდობთ, რომ მიერ დასმული კრიტიკული კითხვები ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნიდა.
მეორეს მხრივ, მაუწყებლის მენეჯმენტმა შეცვალა ტელე და რადიო მაუწყებლობის ბადე, განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა სოციალური პროექტი „ჰეშთეგი“ გადაცემა მიმართული იყო სხვადასხვა ჯგუფების ინტერესების და საჭიროებების საზოგადოებამდე, განსაკუთრებით კი გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მიტანისაკენ, რაც გაურკვეველი ვადით შეჩერდა. ამავე დროს, აღნიშნული გადაცემის გუნდი შეადგენენ კრიტიკულ და განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებს მაუწყებელში.
მიგვაჩნია, რომ მაუწყებლის მენეჯმენტმა ამ გადაწყვეტილებით უარი განაცხადა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული ფუნქციის შესრულებაზე. სამწუხაროა, რომ ფუნდამენტური ცვლილებები გაუმჭვირვალედ და მოსახლეობის/საზოგადოებრივი არხის დამფინანსებლების სათანადოდ ინფორმირებულობის გარეშე მოხდა. მით უფრო, მაშინ როცა პანდემიით გამოწვეული საფრთხეების და მოსახლეობის საჭიროებების შესახებ საკითხების გაშუქების ვალდებულებები საზოგადოებრივი მაუწყებლის საჭიროებებს კიდევ უფრო აფართოებს. ნაცვლად ამისა, მაუწყებლის მენეჯმენტმა კრიტიკულად საჭირო პროგრამების დახურვით და ადამიანების დევნის გაგრძელებით უპასუხა მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე დიდ გამოწვევას.
გამომდინარე იქედან, რომ საზოგადოებრივი არხი საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნითაა შექმნილი, მიგვაჩნია, რომ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო უარს აცხადებს შეასრულოს მისთვის კანონით დაკისრებული მოვალეობები. ეს კი მაუწყებლის მენეჯმენტისა და მრჩეველთა საბჭოს პასუხისმგებლობის საფუძველია.
- მოვუწოდებთ სსიპ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტს გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებებს;
- მოვუწოდებთ სს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სამეურვეო საბჭოს, რომელთაგან ერთ-ერთი წევრი აჭარის უმაღლესი საბჭოს წარდგენილია, დაინტერესდეს მიმდინარე პროცესებით და გააცნოს საზოგადოებას მოსაზრებები აჭარის მაუწყებელში ადამიანების დევნისა და კანონის შეუსრულებლობის შესახებ.