12.10.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის
მხრიდან ონლაინგამოცემა „ბათუმელების” ჟურნალისტის სიტყვიერი
შეურაცხყოფის გამო.
„ბათუმელების” ინფორმაციით, მერის
გაღიზიანება მოჰყვა ჟურნალისტის კითხვას წინასაარჩევნო შეხვედრებზე
მერის სამსახურებრივი ავტომობილით გადაადგილებასთან დაკავშირებით.
კითხვის მოსმენის შემდეგ მან ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი
სიტყვებით მიმართა და უშვერად აგინა.
მერის ეს საქციელი ეწინააღმდეგება
თანამდებობის პირთა ეთიკურ პრინციპებს და ახალისებს ჟურნალისტების
მიმართ აგრესიას.
ქარტია მიიჩნევს,
რომ:
- აუცილებელია არჩევად თანამდებობაზე მყოფ ყველა პირს გააზრებული ჰქონდეს ის პასუხისმგებლობა, რაც თანამდებობაზე ყოფნისას აქვს დაკისრებული.
- ასევე, მნიშვნელოვანია საჯარო პირებმა გააცნობიერონ ჟურნალისტებთან ურთიერთობისა და ამ ფორმით საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტია მოუწოდებს მმართველ გუნდს, შეისწავლოს აღნიშნული შემთხვევა,
ვინაიდან, ეს მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიცაა.
ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების
წარმომადგენლებს იფიქრონ ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით
წინასაარჩევნო პერიოდში, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და
საკუთარი დამოკიდებულებით არ გააღრმავონ მედიაზე თავდასხმის
რისკები.
ქარტია მნიშვნელოვანად მიიჩნევს
დაუყოვნებლივ რეაგირებას მსგავს შემთხვევებზე, იმისათვის, რომ
დაუსჯელობის სინდრომი არ გახდეს გადამდები სხვა საჯარო
პირებისათვის.