ხელვაჩაურის მერმა პასუხი უნდა აგოს ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო
12.10.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის მხრიდან ონლაინგამოცემა „ბათუმელების” ჟურნალისტის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო. 
 
„ბათუმელების” ინფორმაციით, მერის გაღიზიანება მოჰყვა ჟურნალისტის კითხვას წინასაარჩევნო შეხვედრებზე მერის სამსახურებრივი ავტომობილით გადაადგილებასთან დაკავშირებით. კითხვის მოსმენის შემდეგ  მან ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და უშვერად აგინა.  
 
მერის ეს საქციელი ეწინააღმდეგება თანამდებობის პირთა ეთიკურ პრინციპებს და ახალისებს ჟურნალისტების მიმართ აგრესიას.
 
ქარტია მიიჩნევს, რომ:
  • აუცილებელია არჩევად თანამდებობაზე მყოფ ყველა პირს გააზრებული ჰქონდეს ის პასუხისმგებლობა, რაც თანამდებობაზე ყოფნისას აქვს დაკისრებული. 
  • ასევე, მნიშვნელოვანია საჯარო პირებმა გააცნობიერონ ჟურნალისტებთან ურთიერთობისა და ამ ფორმით საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მმართველ გუნდს, შეისწავლოს აღნიშნული შემთხვევა, ვინაიდან, ეს მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიცაა. 

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს იფიქრონ ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში,  მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და საკუთარი დამოკიდებულებით არ გააღრმავონ მედიაზე თავდასხმის რისკები.

ქარტია მნიშვნელოვანად მიიჩნევს დაუყოვნებლივ რეაგირებას მსგავს შემთხვევებზე, იმისათვის, რომ დაუსჯელობის სინდრომი არ გახდეს გადამდები სხვა საჯარო პირებისათვის.
 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.