ქარტია „სამხრეთის კარიბჭეს” ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტის გამოძიებას ითხოვს
15.10.2020
სამცხე-ჯავახეთში მოქმედი ადგილობრივი გამოცემის „სამხრეთის კარიბჭეს” ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს მუშაობის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ტექნიკა (მობილური ტელეფონი და ხმის ჩამწერი დიქტოფონი) წაართვეს და ეკლესიის ეზოდან ძალის გამოყენებით გააძევეს. მრევლის გაღიზიანება ტაძარში, სვეტიცხოვლობის წირვაზე ფოტოების გადაღებამ გამოიწვია. გამოცემამ შემთხვევის ამსახველი აუდიოჩანაწერიც გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ მრევლთან ერთად ეკლესიაში იმყოფებოდა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძეც, რომელმაც პირველმა გააპროტესტა ფოტოების გადაღება და ჟურნალისტს მათი წაშლა მოსთხოვა. გამოცემის ინფორმაციით, მერს ჟურნალისტის დაცვა არ უცდია მაშინ, როდესაც მოქალაქე მას შეურაცხყოფას აყენებდა და ეზოდან მიათრევდა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტების მიმართ გამოხატულმა აგრესიამ ტენდენციის სახე მიიღო. ქარტია უთითებს, რომ ამგვარი შემთხვევები ასეთი ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვებით არის წახალისებული.

ქარტია მიიჩნევს, რომ „სამხრეთის კარიბჭეს” მიერ გავრცელებული აუდიომასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

ქარტია მიმართვს ხელისუფლებას დაიცვას ჟურნალისტები მსგავსი შემთხვევებისა და საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისგან.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.