არსებული გამოხატვის სტანდარტის შენარჩუნება და ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
17.02.2021

კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს პოლიტიკოსების მხრიდან მედიის საქმიანობის ნეგატიურად შეფასების ბოლო დროს გახშირებულ შემთხვევებსა და მათ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად აფასებს.

16 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ „განსაკუთრებით ჟურნალისტები იღებენ მონაწილეობას რაღაც კონსპირაციული, დეზინფორმაციული, საბოტაჟური სახის მოქმედებების დაგეგმვაში".

ამავე დღეს, პარლამენტის ფრაქცია „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ავთანდილ ენუქიძემ ცილისწამების შესახებ კანონის მიღება მოითხოვა.

17 თებერვალს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "პარტიულმა ტელევიზიებმა ბილწსიტყვაობის დამკვიდრება სერიალებიდან დაიწყეს, რითიც საზოგადოების "ყური შეაჩვიეს" ენის შეურაცხყოფას".

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, თანამდებობის პირების მხრიდან მედიის მისამართით გაკეთებულმა მსგავსმა განცხადებებმა, შესაძლოა, წაახალისოს ძალადობა ჟურნალისტების მიმართ. ქარტია მოუწოდებს პოლიტიკოსებს, შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ გააღრმავონ მედიაზე თავდასხმის რისკები.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყოველთვის დაიცავს საქართველოში გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს და მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ გაკეთებული ყველა განცხადება საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.