ქარტიის საბჭოს პოზიცია საქმეზე მირანდა ოგანეზოვა ალექსანდრე ბეჟენცევის წინააღმდეგ
13.05.2021
ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მირანდა ოგანეზოვამ. განმცხადებლის პოზიციით იგი იყო გაზეთ „თანამემამულეს“ რედაქტორი და საქმიანობის დროს განიცდიდა ზეწოლასა და ჩარევას რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს (КСОРСГ) თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალექსანდე ბეჟენცევის მხრიდან. მირანდა ოგანეზოვას შეფასებით ეს იყო ქარტიის მე-2 პრინციპის [„დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ“] დარღვევა. საქმეზე ზეპირი მოსმენა, მხარეების მონაწილეობით გაიმართა 2021 წლის 24 აპრილს.

ქარტიის პრინციპები ეხება ჟურნალისტურ საქმიანობას და შესაბამისად საბჭო განიხილავს იმ შესაძლო დარღვევებს, რომელიც ხდება ჟურნალისტური საქმიანობის განხორცილების პროცესში. ჟურნალისტური საქმიანობა ქარტიის საბჭომ შემდეგი სახით განსაზღვრა „თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ყველას აქვს უფლება და საშუალება, საჯაროდ გაავრცელოს ფაქტი ან მოსაზრება, მედია სწორედ იმით გამოირჩევა ყველა სხვა ნებისმიერი პირისაგან, რომ იგი ხაზს უსვამს საკუთარ თავს როგორც ინფორმაციის გამავრცელებელ საშუალებას, ასეთად აღიქმება საზოგადოების მიერ და არსებობს მოლოდინი, რომ იგი პატივს სცემს საზოგადოების უფლებას“.

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი იყო რუსულენოვანი ბეჭდური გამოცემა „თანამემამულე“ (соотечественник). თავად აღნიშნული გამოცემა თავის თავს აღწერს როგორც „საქართველოში რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს გაზეთი“, საქმის განხილვის დროს გამოიკვეთა რომ აღნიშნული გამოცემა არ ვრცელდება საჯაროდ, არ არის განკუთვნილი ფართო აუდიტორიისათვის, არ აღიქმება საზოგადების მიერ როგორც ინფორმაციის გამავრცელებელ საშუალებად და განკუთვნილია მხოლოდ რუს თანამემამულეთა წრისათვის, რათა მათ მიიღონ ინფორმაცია თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის შესახებ. მეორეს მხრივ მედიის დამახასიათებელი თვისებაა რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის, რაც ამ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (აუდიო ფაილები, მიმოწერა) უფლებამოსილი ორგანოების მიერ (სახალხო დამცველი, სასამართლო, სამართალდამცავი უწყებები) მათი კომპეტენციის ფარგლებში, შესაძლებელია შეფასებული იქნას დისკრიმინაციად, ზეწოლად, მაგრამ მათზე ვერ იმსჯელებს ქარტიის საბჭო, ვინაიდან როგორც აღინიშნა, გამოცემა „თანამემამულე“ ვერ შეფასდება მედიად და ჟურნალისტურ საქმიანობად.


მირანდა ოგანეზოვას გამოხმაურება საბჭოს პოზიციაზე

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.