კატეგორია : განცხადებები;
გავრცელებული ინფორმაციით, ხულოს საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრი ნუგზარ სოლომონიძე „Factcheck.ge"-ს ანალიტიკოსს ნაზი რეხვიაშვილს მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნის. „რომ მოვა დრო, მერე მიხვდები რა საფრთხეში გაბი შენი მომავალი, ვერ გიცნივარ,“ „საომრად მეორედ გამოიწვიე მელოდე“ - წერს ნუგზარ სოლომონიძე ჟურნალისტს მას შემდეგ, რაც ნაზი რეხვიაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე ტვ 25-ის მასალიდან ამონარიდი გამოაქვეყნა, სადაც საკრებულოს წევრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს „აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ“ მოიხსენიებს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მყისიერად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი, ხელისუფლების წარმომადგენელს კანონის შესაბამისად მოსთხოვონ პასუხი და დაუყოვნებლივ მიიღონ პრევენციული ღონისძიებები ჟურნალისტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ქარტიას მიაჩნია, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა თანამდებობის პირის მხრიდან მედიის წარმომადგენლის მიმართ მუქარის ფაქტი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყოველთვის დაიცავს ჟურნალისტთა უფლებებს და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს და მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ გაკეთებული ყველა განცხადება საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას.