კატეგორია : განცხადებები;
ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას მედიასაშუალებებში ვრცელდება ბავშვთა სახლის არასრულწლოვანი ბენეფიციარების ვიდეოჩანაწერები, სადაც მათი იდენტიფიცირება არის შესაძლებელი. გავრცელებულ ვიდეოში ისმის ბავშვებისა და ერთ-ერთი მშობლის სახელი-გვარი, ასევე, მისი ტელეფონის ნომერი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მედიასაშუალებებს
განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე
მოვლენები. მედიას აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, დაიცვას ბავშვის
ინტერესები და ხელი არ შეუწყოს მათი უფლებების დარღვევას. მოვუწოდებთ
ჟურნალისტებს თავი შეიკავონ ამ ჩანაწერების ისეთი ფორმით გავრცელებისა
და გასაჯაროვებისგან, სადაც იდენტიფიცირებული იქნება ბავშვების და
მათი მშობლების პერსონალური ინფორმაცია.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:
- უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭეთ ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოთ ისეთი მასალა, რომელიც საზიანო იქნება მისთვის;
- წინასწარ შეაფასეთ ის ნეგატიური შედეგები, რაც შეიძლება ბავშვის იდენტიფიცირებას მოჰყვეს;
- ეცადეთ თავიდან აიცილოთ ბავშვის რეტრავმირება და არ გაახსენოთ ის ამბავი, რაც მასზე ნეგატიურად იმოქმედებს.