კატეგორია : განცხადებები;
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პოსტვის“ 52%-იანი წილი 520 ათას ლარად იყიდა და დაჩქარებული წესით დაირეგისტრირა.
ჯაფარიძე, „ქართული ოცნების“ აწ უკვე ყოფილი წევრი დღესვე ანტიდასავლური განცხადებებით ცნობილ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“ შეუერთდა. „პოსტვ” -ის განცხადებით, ისინი დღეიდან „ხალხის ძალას“ ღიად და აქტიურად დაუჭერენ მხარს.
დეპუტატის მიერ ტელევიზიის ფლობასთან დაკავშირებით უკვე არსებობს სტანდარტი, რომელიც 2016 წელს კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იბერიის“ მფლობელების, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაშინდელი წევრის ზაზა ოქუაშვილის და მისი მეუღლის საქართველოს პარლამენტის წევრის ნატო ჩხეიძის შემთხვევაში დაადგინა.
ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტაციით, კომისიამ ტელეკომპანია „იბერიის“ მესაკუთრეებს აცნობა, რომ მათ მიერ ტელევიზიის ფლობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევა იყო. კერძოდ, 37-ე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი კრძალავს „ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე“ ფლობდეს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიას/ავტორიზაციას. საპასუხოდ, ოქუაშვილმა და ჩხეიძემ წილების მართვის უფლება სხვა პირებს გადასცეს, თუმცა კომუნიკაციების კომისიის წერილით ირკვევა, რომ კომისიამ ეს საკმარისად არ ჩათვალა და კვლავ მოუწოდა მფლობელებს „შესაბამისი ზომები“ მიეღოთ. საბოლოოდ, ზაზა ოქუაშვილმა და ნატო ჩხეიძემ წილები შვილებს აჩუქეს.
დღეს ვიქტორ ჯაფარიძემ განმარტა, რომ წილს სამართავად მინდობილ პირს გადასცემს. თუმცა კომუნიკაციების კომისიის მიერ დადგენილი პრაქტიკით, მას ეკრძალება არა მხოლოდ ტელევიზიის წილის მართვა, არამედ საკუთრებაში ფლობა.
შესაბამისად, მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას შეისწავლოს პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის მიერ „პოსტვ”-ის წილების ფლობის კანონიერების საკითხი.