კატეგორია : განცხადებები;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი დარტყმაა თავისუფალ მედიაზე.
2022 წლის 2 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ისე, რომ განმარტებები არ გაუკეთებია და მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოიფარგლა, რომ სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
2019 წლის 19 აპრილს ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მრჩეველთა საბჭომ დირექტორს - ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა და დაკავებული პოზიციიდან გადააყენა. აჭარის ტელევიზიაში არსებული პროგრესის ფონზე, უსაფუძვლო იმპიჩმენტმა ბევრი კითხვა გააჩინა.
ახალი მენეჯმენტის მიერ კრიტიკული ჟურნალისტების მიზანმიმართულმა დევნამ კი ცხადი გახადა, რომ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავდა მიზნად. საბჭოს გადაწყვეტილება ნათია კაპანაძემ სასამართლოში გაასაჩივრა. 2022 წლის 6 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ნათია კაპანაძე სასამართლოში წარდგენილი სარჩელის ფარგლებში დავობდა მაუწყებლის საბჭოს მიერ გარემოებების არასათანადოდ გამოკვლევის გამო.
საყურადღებოა, რომ სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მისი პოზიცია და 17 გარემოებიდან 11 გარემოების ნაწილში ჩათვალა, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პოზიცია იყო დაუსაბუთებელი და არ ემყარებოდა კონკრეტული ფაქტების ანალიზსა და ობიექტურ შეფასებას, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ 5 გარემოებაზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება არ დაეკმაყოფილებინა კაპანაძის სარჩელი.
ნათია კაპანაძის ინტერესებს სასამართლოში იცავდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. როგორც საიას, ასევე მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციების შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ხელისუფლება ზღუდავს მედიის თავისუფლებას, ხოლო სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობა პრობლემურია.
ვფიქრობთ, მსგავსი გადაწყვეტილებები საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების მცდელობის ფონზე, კიდევ უფრო გვაშორებს ევროპულ მომავალს.