ჟურნალისტებისთვის პროტესტის გამოხატვაში ხელშეშლას სისტემატური ხასიათი მიეცა
27.02.2023

კატეგორია : განცხადებები;

2023 წლის 27 თებერვალს პარლამენტის შენობაში ჟურნალისტების ნაწილმა პროტესტი გამოთქვა კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც მედიასაშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდ ნაწილს „უცხოური გავლენის აგენტებად” გამოაცხადებს.

მედიაორგანიზაციების ნაწილს პრობლემა შეექმნა პარლამენტში დაშვებასთან დაკავშირებით. რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, ჟურნალისტთა ნაწილი შენობაში შესვლას ოპოზიციური დეპუტატების მიერ დაშვებული საშვებით ცდილობდა, თუმცა აღნიშნული საშვები გააუქმეს. 

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის — 2023 წლის 20 თებერვალს, რუსული კანონის პირველი ვერსიის ბიუროზე დარეგისტრირების დროსაც, მედიის წარმომადგენლებს დაშვებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ. საბოლოოდ, ჟურნალისტთა ნაწილმა პარლამენტის შენობაში შესვლა მხოლოდ ოპოზიციონერი დეპუტატების დახმარებით მოახერხა. დღეს კი აღნიშნული შესაძლებლობის გამოყენების საშუალებაც არ მისცეს. 

ქარტია კიდევ ერთხელ გმობს პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევას და მათი პოზიციის გამოხატვის შეზღუდვის მცდელობას. ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია და საპარლამენტო საქმიანობის ხელმისაწვდომობა საზოგადოებისთვის აუცილებელია.

ამასთან, არ ვეთანხმებით პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ ქარტიის წარმომადგენლები პარლამენტში კანონის დარღვევით აპროტესტებდნენ რუსულ კანონს. აღვნიშნავთ, რომ ეს იყო მოსაზრების დაფიქსირება/პროტესტი უმრავლესობის მხრიდან რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით.

განვმარტავთ, რომ ქარტია მუდამ იდგება ჟურნალისტებისა და მედიაორგანიზაციების გვერდით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსული კანონის მიღების შემდეგ დახურვა ემუქრებათ.

ქარტიას მიაჩნია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის რადიკალური ფრთის მიერ ინიცირებული კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო  საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.


ფოტოზე არიან ჟურნალისტები, ვინც აპირებდნენ ბიუროს სხდომის პარალელურად კანონპროექტის გაპროტესტებას, თუმცა პარლამენტში არ შეუშვეს.


შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.