მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმინობაში ხელშეშლის ფაქტები დროულად უნდა იქნას გამოძიებული
09.03.2023

კატეგორია : განცხადებები;
2023 წლის 8 მარტს, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები. ათობით ჟურნალისტი და ოპერატორი აქციის დასაშლელად გამოყენებული ცრემლსადენი გაზით მოიწამლა. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც გაზის ყუმბარა ჟურნალისტის ფეხებთან აფეთქდა. ამასთან, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა იძალადეს მედიის წარმომადგენლებზე და ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ ჟურნალისტების მხრიდან პროფესიული მოვალეობის შესრულების შესახებ.
 
სამართალდამცავმა უწყებებმა იძალადეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალათ მედიის შემდეგ წარმომადგენლებს:
  • „ნეტგაზეთის" ჟურნალისტს, მიხეილ გვაძაბიას სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა, ჩაარტყა წიხლი და ტელეფონი გააგდებინა ხელიდან, მას შემდეგ, რაც უთხრა, რომ პრესის წარმომადგენელი იყო.
  • სპეცრაზმმა „პუბლიკის” ჟურნალისტებს, ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ბასტი მგალობლიშვილს ძალის გამოყენებით ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა. 
  • ფიზიკურად იძალადეს ფორმულას ჟურნალისტსა და ოპერატორზე, გიორგი კვიჟინაძესა და დავით მანიაზე.  
  • ფიზიკურად იძალადეს „ფორმულას” ჟურნალისტზე, თეა თეთრაძესა და ოპერატორ ნიკა კოკაიაზე, ასევე, რამდენჯერმე შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი.
  • ფიზიკურად იძალადეს „მედიაჩეკერის” რედაქტორ გიორგი გოგუაზე. ფიზიკური ძალადობა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც მან აუხნა, რომ პრესის წარმომადგენელია.
  • ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ფორმულას” ჟურნალისტს, სალომე ჩადუნელს. 
  • ფიზიკურად იძალადეს „ფორმულას” ჟურნალისტ ნიკა საჯაიზე.
  • ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „გურიანიუსის" ჟურნალისტს მერაბ ცაავას. 
(სია განახლებადია)

ქარტია გმობს მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილ ძალადობას, უფლებების დარღვევასა და საქმიანობაში ხელშეშლას.  

მოვითხოვთ იმ სამართალდამცავების სასწრაფოდ გამოვლენასა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც ძალადობდნენ ჟურნალისტებზე და ხელი შეუშალეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყოველთვის დაიცავს ჟურნალისტთა უფლებებს და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს. 
 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.