კატეგორია : განცხადებები;
კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გამოიძიოს „TV პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე თავდასხმისა და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლასთან დაკავშირებული ფაქტი. მნიშვნელოვანია მსგავსი შემთხვევის სწრაფი და ეფექტური გამოძიება და თავდამსხმელი პირის კანონის მთელი სიმკაცრით პასუხისგებაში მიცემა.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 15 მარტს სოფელ ბახვში ჟურნალისტ ნატო გოგელიას თავს დაესხა პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი, რა დროსაც ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მობილური ტელეფონი დაუმტვრია. იგივე პირი 14 მარტს თბილისში, პარლამენტთან გამართულ აქციასა და შენობიდან ევროპული დროშის ჩამოხევაში მონაწილეობდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გამოძიება დაწყებულია ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებს თავს ესხმიან. ხელისუფლების მხრიდან მსგავს ფაქტებზე არასათანადო რეაგირება და კრიტიკული ჟურნალისტების წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული დეზინფორმაციული კამპანია კიდევ უფრო ახალისებს მსგავსი სახის ძალადობას.
კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მოუწოდებს ხელისუფლებას,
უზრუნველყოს მედიისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა, საჯაროდ
დაგმოს და ეფექტურად გამოიძიოს მსგავსი ფაქტები.