კატეგორია : განცხადებები;
მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ ეხმიანება „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტზე ნატო გოგელიაზე თავდასხმისა და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტს, რათა სახელმწიფომ სათანადო ყურადღება დაუთმოს ჟურნალისტის მიმართ გავრცელებულ მუქარას, დაუყოვნებლივ მიიღოს ქმედითი ზომები მის მიმართ დაფიქსირებული უკანონო ქმედებების აღსაკვეთად.
2023 წლის 15 მარტს სოფელ ბახვში ჟურნალისტ ნატო გოგელიას თავს დაესხა პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი, ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მობილური ტელეფონი დაუმტვრია. იგივე პირი 14 მარტს თბილისში, პარლამენტთან გამართულ აქციასა და შენობიდან ევროპული დროშის ჩამოხევაში მონაწილეობდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის საფუძველზე დაიწყო და დააკავა ერთი პირი.
პარალელურად, მოძალადე პირის მხარდამჭერთა მხრიდან, ჟურნალისტის მიმართ დაფიქსირდა არაერთი მუქარა, რაც დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.
ნატო გოგელიას ინტერესებს კოალიციის წევრი ორგანიზაცია “მედიაომბუდსმენი” იცავს. ჟურნალისტის და მისი არასრულწლოვანი შვილების დაცვის საჭიროებებიდან გამომდინარე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუყოვნებლივ შეისწავლოს ჟურნალისტის და მისი არასრულწლოვანი შვილების უფლებების შელახვის ფაქტები, მიანიჭოს მათ სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი და გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიებები.