კატეგორია : განცხადებები;
რუსული ფრენების დაწყების შემდეგ, დღეს თბილისში მოსკოვიდან პირველი თვითმფრინავი ჩამოფრინდა. აეროპორტთან მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც ფრენების დაწყებას აპროტესტებენ. ამ მოვლენებს აშუქებს მედიაც, რომელთა ნაწილმა გაავრცელა ძველი ვიდეო, სადაც ჩანს მგზავრებისთვის შესრულებული ქართული ტრადიციული ცეკვა. ვიდეო გავრცელდა სოციალურ ქსელებშიც. აღნიშნული ვიდეო უკრაინულმა მედიამ 2021 წლის მარტში გაავრცელა და დაწერა, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების ბორტგამცილებლებმა ეს ცეკვა ანსამბლ სუხიშვილების წევრებს მიუძღვნეს, რომლებიც იმ თვითმფრივანით მგზავრობდნენ.
ეთიკის ქარტია მოუწოდებს მედიას, გაავრცელოს მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია და ნუ ენდობა სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებსა თუ ვიდეოებს შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე.
მედია ვალდებულია, პატივის სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. არსებულ სიტუაციაში, როდესაც რუსეთიდან ფრენების დაწყებას მოჰყვა სამართლიანი პროტესტი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მედიამ გამოიჩინო მეტი პასუხისმგებლობა და არ გაავრცელოს გადაუმოწმებელი ინფორმაცია.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებს რეკომენდაციით მიმართავს:
- პატივი სცეს საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია;
- შესწორების სტანდარტის დაცვით, გონივრულ ვადაში გაასწოროს ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება; მიაწოდოს აუდიტორიას ინფორმაცია - რა გასწორდა, რა იყო არასწორი და რა არის სწორი.