კატეგორია : განცხადებები;
მედიის ადვოკატირების კოალიცია კატეგორიულად გმობს სასტუმრო ყვარლის ტბასთან მიმდინარე პროცესების გაშუქებისას მედიის წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობის, ტექნიკის წართმევისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტებს.
მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ყვარლის ტბაზე, სასტუმროში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათესავი ქორწილის გადახდას აპირებს, სადაც, სავარაუდოდ, სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილი, ეკატერინა ვინოკუროვა (ლავროვა) და მისი ქმარი იმყოფებიან. პროტესტი ორი დღეა მიმდინარეობს და მედია კახეთში მიმდინარე პროცესებს აქტიურად აშუქებს.
ტელეკომპანია „ფორმულას" ინფორმაციით, სასტუმრო „ყვარლის ტბის" უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა ტელევიზიის ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალა.
„TV პირველის” ინფორმაციით, კახეთის სამხარეო პოლიციის წარმომადგენლებმა მაუწყებლის ჯგუფს აპარატურა წაართვეს, კერძოდ, ვიდეო ოპერატორის ტელეფონი, რომლის მეშვეობითაც გადამღები ჯგუფი პირდაპირ ჩართვას ახორციელებდა. ტელევიზიის ცნობით, მიმდინარეობს საკომუნიკაციო არხების ჩახშობა, რათა შეიქმნას საინფორმაციო კომუნიკაციის შეფერხება.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიის წარმომადგენლებს პროტესტის თავისუფლად და უსაფრთხოდ გაშუქების საშუალება არ ეძლევათ. ძალადობასა და უკანონო ჩარევაზე სახელმწიფოს უმოქმედობისა თუ თავად ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლის შედეგად, სახეზე გვაქვს უკვე დამკვიდრებული ნეგატიური პრაქტიკა.
საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა იცავს ჟურნალისტების უფლებებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობები ძალადობისა თუ საქმიანობაში ხელშეშლის გარეშე. შესაბამისად, მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მედიის საქმიანობაში უკანონო ჩარევა, უზრუნველყოს თავდასხმასა და ხელშეშლაში პასუხისმგებელი პირების კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა და უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა.