პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესი ზღუდავს ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების შესაძლებლობას
14.06.2023

კატეგორია : განცხადებები;
2023 წლის 14 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა ინფორმაცია მისი ბრძანების „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ შესაბამისად მედიის წარმომადგენლებისთვის აკრედიტაციის შეჩერებასთან დაკავშირებით. 

აკრედიტაციის წესების დამტკიცების შემდგომ, ქარტიამ არაერთხელ აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როდესაც მედიისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის მიღება და მმართველი პარტიის წარმომადგენლები შერჩევითად აძლევენ ინტერვიუს მედიასაშუალებებს, მსგავსი რეგულაციები რიგი მედიასაშუალებებისთვის შეუძლებელს ხდის ინფორმაციის მოპოვებასა და საზოგადოებისთვის მიწოდებას. ამასთან, ქარტიის მხრიდან იყო მითითება აღნიშნული წესების დისკრიმინაციული მიდგომითა და სადამსჯელო ღონისძიების სახით გამოყენებასთან დაკავშირებით. 

ის ფაქტი, რომ 1-წლიანი აკრედიტაციის მქონდე მედიის 197 წარმომადგენლიდან (აკრედიტაციით მოსარგებლე პირები) მხოლოდ 9 პირს შეუჩერდა აკრედიტაცია, არ ქმნის იმის თქმის საფუძველს, რომ მიღებული წესები საფრთხეს არ წარმოადგენს დემოკრატიის ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებისთვის, როგორიცაა გამჭვირვალობა და საჯაროობა. 

ქვეყნები, სადაც აკრედიტაციის პრაქტიკა არსებობს, ინფორმაციის საჯაროობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. მაშინ, როდესაც საქართველოში მედიის წარმომადგენლებს ფაქტობრივად არ აქვთ წვდომა საჯარო ინფორმაციაზე. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აკრედიტაცია შეჩერებული პირები არიან ტელეკომპანია მთავარის, ფორმულას, TV პირველის და ონლაინ გამოცემა პუბლიკას წარმომადგენლები. აღნიშნული კი ბადებს ეჭვებს აკრედიტაციის წესების ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების სადამსჯელო ზომად გამოყენებასთან დაკავშირებით.

ქარტია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, გააუქმოს მედიის აკრედიტაციის წესები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.