მოვუწოდებთ საგამოძიებო უწყებებს, დროულად გამოიძიონ TV მონიტორინგის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტი
22.06.2023

კატეგორია : განცხადებები;

2023 წლის 21 ივნისს, „TV მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს ჟურნალისტური საქმიანობის დროს თავს დაესხნენ. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, კლინიკა „გორმედში“ მოხდა. 

„TV მონიტორინგის“ ინფორმაციით, ჟურნალისტი და ოპერატორი ადგილზე მოქალაქეების შეტყობინების შემდეგ მივიდნენ, რომლის მიხედვით, რეგისტრატურასთან საათობით რიგში დგომა უწევთ, რაც აფერხებს სამედიცინო მომსახურებას.

„TV მონიტორინგის “გადამღები ჯგუფი ვითარების გასარკვევად კლინიკაში მივიდა, რასაც კლინიკა „გორმედის“ დაცვის თანამშრომლის მხრიდან აგრესია მოჰყვა. თანამშრომლის მხრიდან იყო ტექნიკის დაზიანების მცდელობაც. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაინტერესდეს „TV მონიტორინგის“ წარმომადგენლების საქმით და ეფექტიანი გამოძიების პირობებში, საფუძვლიანად გამოიკვლიოს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევა. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შესაბამისს უწყებებს, გააცნობიერონ თავიანთი ვალდებულება და უზრუნველყონ მედიასაშუალებებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო.

ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია. ასევე, თავდასხმები შეიძლება გამოიწვიოს მმართველი პარტიის წარმომდგენლების აგრესიულმა დამოკიდებულებამ ჟურნალისტების მიმართ.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.