კატეგორია : განცხადებები;
ტვ პირველის ჟურნალისტის, ნატო გოგელიას ცნობით, 24 მარტს, ოზურგეთში, მის საცხოვრებელ სახლში, უცნობი პირები შეიჭრნენ და ნივთები დააზიანეს.
ჟურნალისტი ფეისბუქ სტატუსში მიუთითებს, რომ მისი სახლი გასულ წელს არაერთხელ - ერთი კვირის განმავლობაში სამჯერ (31 იანვარს, 2 თებერვალს და 5 თებერვალს) - გაქურდეს და დაარბიეს. დამნაშავე დღემდე არ არის იდენტიფიცირებული. ჟურნალისტს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და ის დაზარალებულადაც კი არ უცვნიათ.
ნატო გოგელია ამ დანაშაულებს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და დაშინების და გაჩუმების მცდელობად მიიჩნევს.
ნატო გოგელია დანაშაულებრივი ქმედებების მსხვერპლი გასულ წელსაც გახდა. 2023 წლის 15 მარტს ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში მას ძალადობრივი ჯგუფის, ალტ-ინფოს, წევრმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ტექნიკა დაუზიანა.
ქარტია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოში ჟურნალისტებზე ზეწოლის განსახორციელებლად უკვე ამ ხერხსაც - ჟურნალისტის პირადი ქონების დაზიანებას - მიმართავენ. დაუსჯელობა ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულს ახალისებს, მათ მარგინალიზებას და საზოგადოებრივი პროცესებიდან გარიყვას ემსახურება.
ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, შეასრულონ მათზე კანონით დაკისრებული მოვალეობა, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ დანაშაული, გამოავლინონ არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ შესაძლო დამკვეთებიც.