„ქართულ ოცნებას” არ მივცემთ რუსული კანონის მიღების საშუალებას - დამოუკიდებელი მედიის განცხადება
08.04.2024

კატეგორია : განცხადებები;

ჩვენ, ქართული დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, ვგმობთ და ვეწინააღმდეგებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გეგმას, პარლამენტში რუსული კანონის განხილვა განაახლოს.

რუსული კანონი არის “ქართული ოცნების” ხელისუფლების მორიგი მცდელობა, მოქალაქეებს წაართვას ხმა, გაანადგუროს დამოუკიდებელი მედია, სამოქალაქო საზოგადოება, გააჩუმოს და საჯარო პროცესებიდან გარიყოს საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი. რუსული კანონის დაბრუნებით საქართველოს ხელისუფლებამ თავისი ძალადობრივი ბუნება კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. „ქართული ოცნების“ მასწავლებელი რუსეთის ხელისუფლებაა, რომლის მსგავსადაც სურს, რომ ქვეყანა მართოს დამორჩილებითა და გაკონტროლებით, ჩახშობითა და განდევნით, სიცრუითა და დემოგოგიით.

ამ კანონს ჩვენ სწრაფი ტემპით გადავყავართ მმართველობის შერეული სისტემიდან მყარად ჩამოყალიბებულ ავტორიტარიზმში, რუსული ყაიდის ქვეყანაში, სადაც ადამიანის სიცოცხლეს და ღირსებას ჩალის ფასი აქვს, სადაც გამეფებულია კორუფცია და ნეპოტიზმი, ჩაგვრა და ძარცვა-გლეჯა, სადაც აღარ დარჩა თავისუფალი მედია და სადაც მოძალადე სახელმწიფო მანქანისგან ადამიანებს ვერავინ იცავს, სადაც ადამიანებს არ აქვთ განვითარების საშუალება და ყველაზე დაფასებული თვისება მორჩილებაა.

ასეთ ქვეყანაში ცხოვრება არ გვინდა და არც ვაპირებთ!

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საშუალებას არ მივცემთ, საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების რეალური შანსი დაგვაკარგინოს.

წლებია, „ქართული ოცნება“ არ წყვეტს ბრძოლას განსხვავებული და კრიტიკული აზრის წინააღმდეგ, რომელიც ხშირად სწორედ ჩვენი ვებ გვერდებიდან და ეთერიდან ისმის. ამის გამო, დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად, ხელისუფლების უპირველეს სამიზნედ ვიქეცით.

წლებია, ჟურნალისტების მიმართ სიძულვილი იღვრება ყველაზე მაღალი ტრიბუნებიდან. ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები ეწევიან ჟურნალისტების დემონიზებას, შეთქმულების თეორიებით, დეზინფორმაციით და შეთხზული ისტორიებით. საქართველოს ხელისუფლება, სისტემურად და კამპანიურად ავიწროებს და დევნის ჟურნალისტებს, არ აძლევს მათ მუშაობის საშუალებას, ძალადობს მათზე სიტყვიერად და ფიზიკურად.

ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ არ ვწყვეტთ ბრძოლას ჩვენი იდეალებისთვის, ჩვენი საყვარელი პროფესიისთვის, ჩვენი ძვირფასი მკითხველის, მსმენელისა და მაყურებლისთვის, ჩვენი საყვარელი და ერთადერთი სამშობლოსთვის. ამ ბრძოლაში ჩვენს გვერდით არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები, რომელთაც ჩვენზე არანაკლებ ახარებთ ჩვენი ყოველი მიღწევა, ყოველი გამარჯვება, ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი.

ქართული დამოუკიდებელი მედია მუდმივად გრძნობდა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას, რომელთა წვლილი საქართველოში განხორციელებული ყველა მნიშვნელოვანი რეფორმის პროცესში შეუფასებელია. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩვენი უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის ერთადერთი გარანტი.

საერთაშორისო პარტნიორებმა მკაფიოდ გამოხატეს, უკვე მეორედ, თავიანთი მკვეთრად უარყოფითი აზრი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ამ დამაზიანებელ და მავნებლურ ინიციატივაზე და საქართველოს ხელისუფლებას მისი უკან გაწვევისკენ მოუწოდეს.

არ მივცემთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას რუსული კანონის მიღების საშუალებას, რომ საქართველოსა და მის ნამდვილ მეგობრებს შორის ყრუ კედელი აღმართოს.

გავაძლიერებთ წინააღმდეგობას, დავიცავთ ჩვენს უფლებებს, ჩვენი მოქალაქეების უფლებებს და ჩვენი ქვეყნის უფლებას, თავისი ცივილიზაციური არჩევანის თანახმად იმოქმედოს. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, გადავაქცევთ საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ დემოკრატიად.


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

სტუდია მონიტორი

რადიო მარნეული

საქართველოს ამბები/მთის ამბები

ქუთაისიპოსტი

ქვემო ქართლის მედია QvemoQartli.ge

პუბლიკა

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”

ალიქ მედია ჯორჯია

გურია ნიუსი

ნეტგაზეთი

ბათუმელები

სტუდია რეკ

ufleba.ge

სამხრეთის კარიბჭე - sknews.ge

On.ge

მედია აპრილი

კახეთის ხმა - knews.ge

Psnews.ge

ჩემი ხარაგაული

Newpress.ge 

რადიო „ათინათი"

ინდიგო

ჯემნიუსი

TOK TV 

აგროგარემო TV

Qartli.ge 

მედიაჩეკერი 

OC Media

ტელეკომპანია ბორჯომი

პროექტი 64

მეცხრე არხი

ტელეკომპანია კავკასია 

SOVA News

მედიაჯგუფი „კონფლიქტის ზონა"

Chaikhana 

Speqtri.ge

მეცხრე ტალღა 

რადიო ნორი

ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი

ტვ „ლტვ" 


შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.