კატეგორია : განცხადებები;
მედიის ადვოკატირების კოალიცია ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტზე, ია სართანიაზე, თავდასხმის ფაქტს ეხმიანება. შემთხვევა, 22 აპრილს, მეტროში მოხდა.
ია სართანიას ცნობით, უცნობი მამაკაცი ჟურნალისტს ჯერ ფიზიკურად რამდენჯერმე შეეხო, შემდეგ ხელი ჰკრა, აგინებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ჟურნალისტის განცხადებით, მას “ფორმულას” ლოგოიანი ჩანთა ეჭირა და "თავდამსხმელმა იცოდა, ვის უპირისპირდებოდა". სართანიას ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.
ჟურნალისტებზე თავდასხმა განსაკუთრებით გახშირდა ბოლო წლებში, რასაც მეტად ახალისებს ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული მედიის დისკრედიტების მცდელობა და კომენტარები, რომელიც თავისუფალი მედიის საზოგადოების მტრად წარმოჩენას ისახავს მიზნად.
ჟურნალისტზე თავდასხმა პრესის თავისუფლების დარღვევაა და დემოკრატიული საზოგადოებას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის. სამწუხაროდ, ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ქვეყანაში მედიის წარმომადგენლების უფლებების დაცვას და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გამოიძიოს ჟურნალისტზე თავდასხმის შემთხვევა და უზრუნველყოს დამნაშავე პირის კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემა.