საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს „ტაბულას“ უმცროსი რედაქტორის, გიორგი ბადრიძის უკანონოდ დაკავებას და მისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას
03.05.2024

კატეგორია : განცხადებები;

ტაბულას მთავარი რედაქტორის, ლევან სუთიძის, განცხადებით, 3 მაისს, გამთენიისას, პოლიციამ, „ტაბულას უმცროსი რედაქტორი გიორგი ბადრიძე, რომელიც იღებდა, თუ როგორ აკავებდა პოლიცია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს, თავადაც უკანონოდ დააკავა და სხვა ადგილას გადაიყვანა. ჟურნალისტი მოგვიანებით გაათავისუფლეს

ლევან სუთიძის თქმით, პოლიციელებმა ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს - იმის მიუხედავად, რომ გიორგი ბადრიძემ პოლიციელებს მისი პროფესიის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარუდგინა, მას მოსთხოვეს, გადაღება შეეწყვიტა. ძალოვანი უწყების არაიდენტიფიცირებული წარმომადგენელი ჟურნალისტზე ზეწოლას ახორციელებდა მის ტელეფონში შეღწევის და, სავარაუდოდ მასალის წაშლის მიზნით, რასაც ჟურნალისტი არ დაემორჩილა. საბოლოოდ, გიორგი ბადრიძე ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს.  

 

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა გიორგი ბადრიძეს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. 16 აპრილს აქციის გაშუქებისას სპეცრაზმელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს სპეციალური საგამოძიებო სამსახური სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 133- მუხლის მე-3 ნაწილის ქვეპუნქტი) მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სწავლობს.   

 

ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა 30 აპრილის-2 მაისის პერიოდში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების გაშუქებისას პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს 20-ზე მეტ ჟურნალისტს. მათ ერთ ნაწილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო მეორე ნაწილს - ფიზიკური. ზოგიერთი მათგანი სპეციალური საშუალებების გამოყენებით დააზიანეს

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, სასწრაფოდ და ეფექტურად გამოიძიოს ტაბულას რედაქტორზე თავდასხმის ფაქტი, რათა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლაზე და უკანონო ქმედებაზე პასუხისმგებელი პირებები დროულად გამოვლინდნენ და სათანადოდ დაისაჯონ

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.