ქარტია საგამოძიებო უწყებებს  7 მაისს თბილისსა  და თელავში ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი აგრესიის სწრაფი და ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს
08.05.2024

კატეგორია : განცხადებები;

ჟურნალისტები საქართველოში საჯარო სივრცეებში უსაფრთხოდ ვეღარ გადაადგილდებიან და მუშაობენ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თანმიმდევრულად და სისტემურად ეწევა თავისუფალი და კრიტიკული მედიის დისკრედიტაციას და ამგვარი მედიის ჟურნალისტებისა და რესპონდენტების საზოგადოების მტრებად და საფრთხედ წარმოჩენას ცდილობს. მაღალჩინოსნების მიერ საჯაროდ გამოხატული სიძულვილი ჟურნალისტებზე ფიზიკურ ძალადობას ახალისებს, საგამოძიებო უწყებები კი დამნაშავეთა გამოვლენას და დასჯას არ ჩქარობენ. 

7 მაისს, თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, უცნობი პირი თავს დაესხა გიორგი კლდიაშვილს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორს, რომელიც შვედეთის საელჩოდან გამოვიდა და ტელეკომპანია „ფორმულას“ ინტერვიუს აძლევდა. აგრესიული პირი ფიზიკურად გაუსწორდა „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსაც - ოპერატორსა და  მძღოლს. „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ თავდამსხმელს ხელში შუშის ბოთლი უჭირავს და იგინება. 

„ფორმულას“ ინფორმაციით, შემთხვევის ადგილაზე სიტუაციაში გასარკვევად პოლიცია მივიდა. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი მოძალადის სამიზნე გახდა. 22 აპრილს, მეტროში, ია სართანიას, რომელსაც ეჭირა ჩანთა „ფორმულას“ ლოგოთი, თავს უცნობი მამაკაცი დაესხა. მან ჟურნალისტს ხელი ჰკრა და შეაგინა. ია სართანიას ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. 

7 მაისს უცნობმა პირებმა ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს თელავშიც, რუსული კანონის საწინაღმდეგო აქციის დაწყებამდე. „ფორმულას“ ეთერში ჩანს, რომ ისინი მანქანით შევიდნენ მოედანზე და მძღოლმა სცადა, „ტვ პირველის“ ჟურნალისტისთვის ხელიდან მიკროფონი გაეგდებინებინა. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე ძალადობას და ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას დამაზიანებელ რიტორიკაზე დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის მიმართ. 

ქარტია საგამოძიებო უწყებებს თბილისში ყიფშიძის ქუჩაზე და თელავში ქალაქის ცენტრში ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი აგრესიის და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევების სწრაფი და ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს. ორივე შემთხვევაში ვიდეოჩანაწერებში ჩანს თავდამსხმელთა სახეები და მანქანის ნომერი.   

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.