ქარტია “ინტერპრესნიუსის” და “ინდიგოს” ჟურნალისტების მიმართ დანაშაულებრივ ქმედებებზე ეფექტურ რეაგირებას ითხოვს
15.05.2024

კატეგორია : განცხადებები;

ამ განცხადების გამოქვეყნების დროისათვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება საბა სორდია, გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტი, რომელსაც გუშინ, 14 მაისს, საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგი აქციის გაშუქებისას, შსს-ს წარმომადგენელმა მცირე ზომის კამერა წაართვა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალა. 

ჟურნალისტის ინფორმაციით, აქციის დარბევამდე ის პარლამენტის შიდა  ტერიტორიაზე სპეცრაზმელების გადაადგილებას გარე სივრციდან იღებდა. ამ დროს მას საკანონმდებლო ორგანოს ეზოში მყოფი შსს-ის ერთ-ერთი თანამშრომელი მიუახლოვდა და კამერა წაართვა. საბა სორდიამ შსს-ს თანამშრომელს აუხსნა, რომ ის ჟურნალისტი იყო და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, თუმცა უშედეგოდ. კამერის წართმევის მომენტი ჩაწერილია, თუმცა ჟურნალისტი შიშობს, რომ ამ ჩანაწერს შსს-ს თანამშრომლები წაშლიან. 

საბა სორდიას თქმით, ის მაშინვე დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს, გენერალურ ინსპექციას და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს, თუმცა „ინდიგოსთვის“ კამერა ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ. 

“ინტერპრესნიუსის” ფოტოჟურნალისტს გიორგი ჟამერაშვილს შსს-ს წარმომადგენელმა ფეხის არეში ხელკეტი მაშინ ჩაარტყა, როცა ის იღებდა, თუ როგორ ატოვებინებდა პოლიცია აქციის მონაწილეებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას იძულებით. 

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების გაშუქება ჟურნალისტებს ძალადობრივ გარემოში უწევთ. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევებს, პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისკენ მოუწოდებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს კი შეახსენებს, რომ ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლა დანაშაულია. 

ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების გაშუქებისას პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს 22 ჟურნალისტს. მათ ნაწილზე ფიზიკურად იძალადეს, ნაწილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო დანარჩენები სპეციალური საშუალებების გამოყენებით დააზიანეს. 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.