კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ ონლაინგამოცემა „ტაბულას“ რედაქტორზე, გიორგი ბადრიძეზე განხორციელებული თავდასხმის, მისთვის პროფესიული საქმიანობის შესრულებაში უკანონოდ ხელის შეშლის და დაშინების ფაქტები.
„ტაბულას“ რედაქტორის და მისი ადვოკატის ინფორმაციით, 16 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას, გიორგი ბადრიძეს თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის რამდენიმე წევრი. მათ ჟურნალისტს სცემეს და დაუზიანეს ჯანმრთელობა, რასაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.
3 მაისს, კვლავ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას, როცა გიორგი ბადრიძე აქციის მონაწილეთა დაკავებისა და დარბევის პროცესს იღებდა, ჟურნალისტი პოლიციამ დააკავა. 3-4 საათის განმავლობაში მას თავისუფლება შეზღუდული ჰქონდა, რის შემდეგაც ხელწერილით გაათავისუფლეს. 13 დღის განმავლობაში, სასამართლოში საქმის წარდგენამდე, მისთვის არავის განუმარტავს თუ რა გახდა ადმინისტრაციული წესით დაკავების მიზეზი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მას მხოლოდ 16 მაისს გააცნეს. შსს „ტაბულას“ რედაქტორს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
16 მაისს, 23:40 საათზე სახლისკენ მიმავალ გიორგი ბადრიძე მისთვის უცნობი პირი დახვდა და ფიზიკური დაზიანება მიაყენა.
ჟურნალისტები, რომლებიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს აშუქებენ და ძალის გადამეტების, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს აფიქსირებენ, თავიანთი პროფესიული საქმიანობის გამო სისტემატურად ხდებიან საპოლიციო ძალების და ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობრივი ჯუფების სამიზნე.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა და მათ მიმართ ანგარიშსწორება.