ქარტიის საბჭოს ოქმი ქარტიის მეშვიდე პრინციპთან დაკავშირებით საქმეზე - თოზუ გულმამედოვა ია გულიაშვილის წინააღმდეგ
16.06.2024

30 მარტი,  2024 წელი

საქმე N – 729

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ხატია ღოღობერიძე, ნინო რამიშვილი, გელა მთივლიშვილი, ირმა ზოიძე.

ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

სადავო მასალის სათაურია - „მეოთხე დღეა იორმუღანლოში არასრულწლოვნებს ეძებენ | ოჯახის თქმით, 13 წლის გოგო 16 წლის ბიჭმა მოიტაცა".

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა ხელი შეუწყო დისკრიმინაციას, მთავარ არგუმენტად კი ასახელებდა იმას, რომ დასახელებულია ადგილი - იორმუღანლო. განმცხადებლის თქმით, მასალაში აქცენტი გაკეთებულია ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებზე, რადგან იორმუღალოს ხსენებით, რომელიც სწორედ ეთნიკურად აზრბაიჯანელი ადამიანებითაა დასახლებული, სწორედ ეს ასოციაცია ჩნდება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ საზოგადოებაში უკვე არსებობს სტიგმა ადრეულ ასაკში/ბავშვთა ქორწინებასთან და იძულებით ქორწინებასთან (ე.წ. მოტაცება) დაკავშირებით, აღნიშნულ კონტექსტში კი მსგავსი გაშუქებით სტიგმა ძლიერდება.

განმცხადებელმა განმარტა, რომ ე.წ. იორმუღალო 9 სოფლისგან შედგება, სადაც ჯამში ოფიციალური მონაცემებით 18 ათასი მაცხოვრებელია, რაც საგარეჯოს მოსახლეობის მესამედია, თუმცა, შესაძლოა უფრო მეტიც იყოს.

ამასთან, განმცხადებელმა მიუთითა, რომ „მთავარი არხი” იორმუღანლოზე ინფორმაციას ყოველთვის ნეგატიურ ჭრილში აშუქებს, მხოლოდ კრიმინალის შემთხვევებით ინტერესდება და სენსაციურად აშუქებს მასალებს.

ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის თანახმად, გადაწყვეტილებას „დაირღვა“ ან „არ დაირღვა“ მხარი უნდა დაუჭიროს საქმის განხილვაში მონაწილე საბჭოს მინიმუმ 5-მა წევრმა. მეშვიდე პრინციპთან დაკავშირებით, საბჭოს წევრთა ხმები გაიყო, „დარღვევას“ ან “არ დარღვევას” 5-მა წევრმა მხარი არ დაუჭირა, შესაბამისად,  წესის 4.7 პუნქტის თანახმად, თუ კონკრეტულ გადაწყვეტილებას [პრინციპის დარღვევა ან არ დარღვევა] მხარი არ დაუჭირა მინიმუმ 5-მა წევრმა, გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული და ქვეყნდება სხდომის ოქმი, სადაც მიეთითება როგორც დარღვევის დადგენის მომხრე, ისე მოწინააღმდეგე საბჭოს წევრთა არგუმენტები.

როგორც უკვე აღინიშნა, საქმის განხილვაში მონაწილეობდა საბჭოს რვა წევრი, რომელთა შორის ქარტიის მეშვიდე პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით დამოკიდებულება ორად გაიყო.

საბჭოს ოთხმა წევრმა მიიჩნია, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რადგან:

        დაუშვებელია სავარაუდო დანაშაულის ირიბად დაკავშირება ეთნიკურ და რელიგიურ ნიშანთან.

        იორმუღანლოს დასახელება არ უკავშირდება დანაშაულის მოტივს, მას არ აქვს ისეთი ინფორმაციული ღირებულება, რაც აუცილებელია მაყურებლისთვის/მკითხველისთვის.

        საბჭო გაეცნო აღნიშნულ მასალაზე Facebook-ზე დატოვებულ კომენტარებს, სადაც ჩანს, რომ ადგილის დასახელებამ გამოიწვია კონკრეტული თემის იდენტიფიცირება და შეურაცხმყოფელი კომენტარები მათ მიმართ.

        ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინება, ასევე, იძულებითი ქორწინება არ უკავშირდება კონკრეტულ ეთნიკურ ან რელიგიურ ნიშანს. ამან შეიძლება გააძლიეროს სტიგმა.

საბჭოს დანარჩენმა ოთხმა წევრმა მიიჩნია, რომ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რადგან:

        ჟურნალისტი იორმუღანლოს ასახელებს ინფორმაციული მიზნით და ეს არ ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს.

        ჟურნალისტს სურს, რომ აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდოს იმის შესახებ, თუ სად მოხდა აღნიშნული შემთხვევა.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.