კატეგორია : განცხადებები;
ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ 17 ივლისს ფეისბუქ პოსტი გამოაქვეყნა,
რომლითაც საზოგადოებას ამცნო, რომ კაცი, რომელიც მას ფიზიკური
ლიკვიდაციით ემუქრებოდა და მისი ოჯახის წევრებისთვისაც - შვილისა და
მშობლებისთვის, საფრთხეს წარმოადგენდა, რამდენიმეწლიანი პაუზის
შემდეგ, ისევ დაუკავშირდა და მასზე ფსიქოლოგიური ტერორის
განხორციელება განაგრძო.
ტელეწამყვანი
ვარაუდობს, რომ კაცის ქმედებები მართულია და მისთვის პროფესიულ
საქმიანობაში ხელშეშლას ისახავს მიზნად. ტელეწამყვანის თქმით, მძიმე
კრიმინალური წარსულის მქონე კაცი კრიზისულ სიტუაციებში აქტიურდება.
ახლაც, მისი აქტიურობა საეჭვოდ დაემთხვა წინასაარჩევნო პერიოდს.
წარსულში
ინგა გრიგოლიას ამ მოძალადისაგან თავის დასაცავად პოლიციის დახმარება
დასჭირდა. კაცი დააკავეს და ის რამდენიმე წლის განმავლობაში
საზოგადოებისგან იზოლირებული იყო.
თავის
პოსტში ტელეწამყვანი შესაძლო სავალალო შედეგებზე პასუხისმგებლობას
შინაგან საქმეთა მინისტრს და სხვა სტრუქტურებს აკისრებს და მათ
უყურადღებობის გამო საყვედურობს.
სახელმწიფო
უწყებები კარგად უნდა აცნობიერებდნენ იმ საფრთხეებს, რომელიც
საქართველოში საჯარო სივრცეში აქტიურ ქალებს, მათ შორის,
ჟურნალისტებს, ემუქრება. ისინი ხშირად ხდებიან სიძულვილის სამიზნე
აქედან გამომდინარე ყველა ნეგატიური შედეგით. სახელმწიფო უწყებებმა,
მათ შორის, საპოლიციო ძალებმა და საგამოძიებო ორგანოებმა, ყველაფერი
უნდა გააკეთონ ამგვარი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად,
მოძალადეების დროულად გამოსავლენად და მთელი სიმკაცრით დასასჯელად.
ყველა ქალს უნდა ჰქონდეს უსაფრთხო გარემო საცხოვრებლად და პროფესიული
რეალიზაციისთვის და მათთვის ამ გარემოს უზრუნველყოფა სახელმწიფოს
პირდაპირი მოვალეობაა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს ინგა გრიგოლიას და გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფად და ეფექტურად მოქმედებისაკენ მოუწოდებს.