ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის დაკავებას და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არ გადასცეს ის აზერბაიჯანს.
03.08.2024

კატეგორია : განცხადებები;

შაბათს, 3 აგვისტოს, თბილისში პოლიციამ დააკავა აფგან სადიგოვი, დამოუკიდებელი აზერბაიჯანული მედიაპორტალის Azel.Tv-ს მთავარ რედაქტორი, აზერბაიჯანში მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით. შსს-ს განცხადების თანახმად, ჟურნალისტი მუქარისა და გამოძალვის ფაქტებთან დაკავშირებით იძებნებოდა.

აფგან სადიგოვი საქართველოში ცოლთან და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად 2023 წლის ბოლოდან ცხოვრობს. ის, წლების განმავლობაში, აზერბაიჯანში მაღალჩინოსნების კორუფციულ საქმიანობას აშუქებდა, რის გამოც დევნის ობიექტი არაერთხელ გახდა.

ჟურნალისტი აზერბაიჯანში პროფესიული საქმიანობის გამო ორჯერ დააპატიმრეს. პირველად 2016 წელს, ხოლო შემდგომ 2020 წელს, როდესაც შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოგვიანებით, უზენაესმა სასამართლომ სადიგოვს პატიმრობის ვადა 4 წლამდე შეუმცირა. თითქმის ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტი ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა.

აფგან სადოგოვი საპატიმროში ყოფნისას თვეების განმავლობაში შიმშილობდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესა. გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტი საქართველოში მკურნალობდა.

23 ივლისს, რადიო თავისუფლება, აფგან სადიგოვის მონათხრობზე დაყრდნობით წერდა, რომ 18 ივლისს, ჟურნალისტს, რომელიც თურქეთის გავლით მესამე ქვეყანაში მიემგზავრებოდა, საქართველოს დატოვების უფლება არ მისცეს. აფგან სადიგოვს სიტყვიერად განუმარტეს, რომ მას მხოლოდ აზერბაიჯანის მიმართულებით შეეძლო გამგზავრება.

აფგან სადიგოვი თავს ყოფილ პოლიტპატიმრად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ პროფესიული საქმიანობის გამო ახლაც იდევნება. ბოლო პერიოდში ჟურნალისტი და მისი ოჯახი საქართველოში თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობდნენ. სადიგოვი შიშობდა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებას მის გადაცემას მოსთხოვდა.

აზერბაიჯანში იდევნებიან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები და აქტივისტები. ბევრ მათგანს ქვეყნის დატოვება მოუწია. ზოგიერთმა თავი საქართველოს შეაფარა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საქართველოს ხელისუფლებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ჟურნალისტი აზერბაიჯანს არ გადასცეს და ამით მისთვის პროფესიული საქმიანობის შეზღუდვას ხელი არ შეუწყოს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საქართველოში პროფესიული თემის წარმომადგენლებს მოუწოდებს, სოლიდარობა გამოიჩინონ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიმართ, ინტენსიურად გააშუქონ მომხდარი შემთხვევა და ხელისუფლებას მოსთხოვონ პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რაც ამ დაკავების ირგვლივ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ ეს, თბილისში, აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის დაკავების პირველი შემთხვევა არ არის. 2017 წლის 29 მაისს, თბილისიდან გაუჩინარდა და მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა აფგან მუხთარლი.  საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Aminesty International-მა, მაშინ თქვა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი წამებისა და არასათანადო მოპყრობის რისკის ქვეშ იმყოფებოდა. მუხთარლის 2018 წლის იანვარში საზღვრის უკანონო კვეთისა და დიდი რაოდენობით უცხოული ვალუტის გადატანისთვის ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იგი აზერბაიჯანის ციხიდან 2020 წლის მარტში გაათავისუფლეს. 2021 წელს  მუხთარლიმ განაცხადა, რომ მისი გატაცების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა და საქართველის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა იცოდნენ. 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.