კატეგორია : განცხადებები;
2024 წლის 14 აგვისტოს ჩატარდა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა რიგგარეშე კრება. კრებამ ერთხმად გაიზიარა ქარტიის საბჭოს მიერ 8 აგვისტოს სხდომაზე ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება, ორგანიზაცია არ დაემორჩილოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნას „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ რეგისტრაციის შესახებ და თავისი უფლებების დასაცავად სამართლებრივი ბრძოლა განაგრძოს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეუთავსებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს პრინციპებთან, რომლის აშენებასაც ცდილობს საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, და ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას, თანასწორი მოპყრობის უფლებას და სხვა ფუნდამენტურ უფლებებს, გარანტირებულს საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციით.
ეს კანონი შეუძლებელს ხდის საქართველოს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, ანადგურებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციასა და ევროპულ მომავალს, ანგრევს საქართველოს ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამოქალაქო წესრიგსა და მშვიდობას.
საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ უცხოური ძალის ინტერესების გატარებად აცხადებს იმ საქმიანობას, რასაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ახორციელებს დაარსების დღიდან, პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დაცვისა და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ასამაღლებლად, და ახდენს ორგანიზაციის სტიგმატიზებასა და დისკრიმინაციას.
რეგისტრაცია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ დამაზიანებელი და შეუთავსებელია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მისიასთან, მიზნებთან და პრინციპებთან.