ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ხარაგაულის მერის მიერ ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლას
18.10.2024

კატეგორია : განცხადებები;

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა უხეშობა და უდიერი დამოკიდებულება ადგილობრივი ჟურნალისტების მიმართ უკვე სამწუხარო ტენდენციად ჩამოყალიბდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლთა მსგავსად, ძალას არ იშურებენ ჟურნალისტების უარყოფით ჭრილში წარმოსაჩენად და მოსახლეობაში მედიის, როგორც ინსტიტუციის, მიმართ ნდობის შესარყევად. ისინი ჟურნალისტებს საჯაროდ მიმართავენ შეურაცხმყოფელი და მასტიგმატიზირებელი ეპითეტებით, აკნინებენ მათ როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დაუსაბუთებლად და უსამართლოდ სდებენ მათ ბრალს მიკერძოებულობასა და ანგარებაში. ამ დროს ისინი ინსტრუმენტად იყენებენ რუსულ კანონს, რომელმაც ნოყიერი ნიადაგი შექმნა მედიის შესავიწროებლად და საზოგადოებრივი პროცესებიდან გასარიყად მათი „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად“ მონიშვნით. 

ბოლო მსგავი შემთხვევა 16 ოქტომბერს მოხდა ხარაგაულში, სადაც ხარაგაულის მერმა კობა ლუსმანაშვილმა გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორი ლაურა გოგოლაძე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეკრებაზე არ დაუშვა. მერმა დიდი ტრადიციების მქონე გაზეთს, რომელიც ქართული მედიალანდშაფტის მნიშვნელოვანი ნაწილია და დამსახურებული ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობს როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ისე მის მიღმა, „სხვადასხვა პარტიების მიერ ნაყიდი და დაქირავებული“ და „პროვოკატორობით ცნობილი“ უწოდა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს ლაურა გოგოლაძეს და „ჩემი ხარაგაულის“ გუნდს, კობა ლურსმანაშვილს კი შეახსენებს, რომ ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლით ის არღვევეს კანონს და სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფორმაციის გარეშე ტოვებს იმ ქალაქის მაცხოვრებლებს, რომლებზე ზრუნვაც მისი პირდაპირი და მთავარი მოვალეობაა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხარაგაულის მერს, შეცვალოს რიტორიკა ადგილობრივი მედიის მიმართ და დაუშვას ადგილობრივი ჟურნალისტები ყველა იმ ღონისძიებასა და ყველა იმ საჯარო სივრცეში, სადაც მათ კანონით ყოფნის უფლება აქვთ.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.