ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აპროტესტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, საქართველოში არ შემოუშვას ჩეხი/ბრიტანელი ჟურნალისტი
23.10.2024

კატეგორია : განცხადებები;

22  ოქტომბერს, საღამოს, ყოველგვარი ახნა-განმარტების გარეშე, საქართველოში არ შემოუშვეს ჩეხი/ბრიტანელი ჟურნალისტი რეი ბეისლი. ამის შესახებ ჟურნალისტმა პლატფორმა X-ზე თავად დაწერა და დახმარება ითხოვა. ბოლო შეტყობინებაში ბეისლიმ „სტუდია მონიტორს“ მისწერა, რომ ტელეფონის ჩამორთმევას უპირებდნენ, რის შემდეგაც მასთან კონტაქტი გაწყდა. „სტუდია მონიტორი“ ინფორმაციის მიღებისთანავე შეეცადა ვითარებაში გარკვევას, თუმცა უშედეგოდ. დოკუმენტში, რომელიც რეი ბეისლიმ „სტუდია მონიტორს“ გაუგზავნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეყანაში შემოსვლაზე უარის საფუძვლად მითითებული აქვს შემდეგი: „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“.

„მედიაჩეკერმა“ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. უწყების პრეს-სამსახურმა „მედიაჩეკერს“ განუმარტა, რომ ინფორმაციას  ელოდება და მისი მიღებისთანავე თავად დაუკავშირდება.

განცხადების გამოქვეყნების მომენტისთვის, ჩვენი ინფორმაციით, ჩეხი ჟურნალისტი სასაზღვრო ზონაში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უცხოელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს. მხოლოდ სექტემბერში მსგავსი საფუძვლით საზღვრის კვეთაზე უარი მიიღო ორმა უცხოელმა ჟურნალისტმა.

რეი ბეისლი საქართველოში ბოლოს გაზაფხულზე იმყოფებოდა, რა დროსაც აქტიურად აშუქებდა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს.

რუსული კანონის შემობრუნების შემდგომ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის სწრაფი ტემპით გაუარესებამ საქართველო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოაქცია. ინტერესი გამორჩეულად მაღალია 26 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების მიმართაც, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს რეფერენდუმს საქართველოს გეოპოლიტიკურ ორიენტაციის თაობაზე.

საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა, კანონის ფარგლებში უზრუნველყოს ყველა ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტის წვდომა იმ ტერიტორიებსა და ინფორმაციაზე, რაც მათ საქართველოში მიმდინარე არჩევნების გასაშუქებლად სჭირდებათ. ის, თუ როგორ მოექცევა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ჟურნალისტებს, აუცილებლად მოახდენს გავლენას არჩევნების ხარისხზე და საერთაშორისო ორგანზაციების შეფასებებშიც აირეკლება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ შემოუშვას ჩეხი/ბრიტანელი ჟურნალისტი რეი ბეისლი საქართველოში, რათა მან პროფესიული მოვალეობის განხორციელება შეძლოს.

მსგავსი სიახლეები

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.