ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პარლამენტს მოუწოდებს, პარლამენტის შენობაში მიმდინარე პროცესებზე წვდომა მისცეს მედიას და ჟურნალისტებს, პლატფორმის მიუხედავად, დამატებითი შეზღუდვებისა და აკრძალვების გარეშე
26.11.2024

კატეგორია : განცხადებები;

25 ნოემბერს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი ზონის ამოქმედებით მედიასა და ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში დაგემილ ღონისძიებებზე წვდომა შეეზღუდათ. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად პარლამენტმა მისი თავმჯდომარის 2023 წლის 4 სექტემბერს მიღებული დადგენილება მიუთითა.

შედეგად, ონლაინ მედიის წარმომადგენლებმა მე-11  მოწვევის პარლამენტის, რომელიც პლენარულ სხდომაზე პირველად შეიკრიბა, საქმიანობის გაშუქება კვლავინდებურად ვერ შეძლეს. შენობაში შეუშვეს მხოლოდ აკრედიტებული წარმომადგენლების ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, თუმცა, დამატებითი აკრძალვებით - სხდომის გაშუქებისას ჟურნალისტებს მცირე ზომის შემოსაზღვრული ტერიტორიიდან გასვლის უფლებას არ აძლევდნენ, ხოლო ოპერატორებს სხდომათა დარბაზში არ შეატანინეს პირდაპირი ჩართვის აპარატები, რაც, მაუწყებლების ცნობით, წარსულში პრობლემას არ წარმოადგენდა.

მოგვიანებით, 25 ნოემბერს, პარლამენტმა დააზუსტა, რომ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე 26 ნოემბრიდან “მის გაუქმებამდე”იმოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ ონლაინ მედია პარლამენტის შენობაში შესვლას განუსაზღვრელი დროით ვერ შეძლებს.

ონლაინ მედიის მიმართ დისკრიმინაციული პრაქტიკა პარლამენტის თავმჯდომარემ რუსული კანონის განხილვის დროიდან დაამკვიდრა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, ონლაინ მედიის ერთ ჯგუფთან ერთად, დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით სახალხო დამცველს ჯერ კიდევ აპრილში მიმართა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროტესტს გამოთქვამს პარლამენტის გადაწყვეტილების მიმართ და მოუწოდებს მას, პარლამენტის  შენობაში მიმდინარე პროცესებზე წვდომა მისცეს მედიას და ჟურნალისტებს, პლატფორმის მიუხედავად, დამატებითი შეზღუდვებისა და აკრძალვების გარეშე.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.