საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საპოლიციო ძალებს შეწყვიტონ ძალადობა ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე
29.11.2024

კატეგორია : განცხადებები;

29  ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის დროს საპოლიციო ძალებმა არაერთ ჟურნალისტსა და ოპერატორს მიაყენეს ზიანი. მათ უმრავლესობას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. თვითმხილველთა თქმით, საპოლიციო ძალების წარმომადგენლები მათ, ვისაც კამერა ან მიკროფონი ეჭირა, დამიზნებით ასხამდნენ სახეში ქიმიურ გამაღიზიანებლებს, თავს  ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. დაზარალებული ჟურნალისტების შეფასებით, აქციაზე ამჯერად გამოყენებული ქიმიური გამაღიზიანებლები გაცილებით უფრო ძლიერმოქმედი იყო. ისინი ვარაუდობენ, რომ წყლის ჭავლში, რომელიც საპოლიციო ძალებმა აქციის დასაშლელად გამოიყენა, გარეული იყო გაურკვეველი ქიმიური ნივთიერება, რომელიც იწვევდა კანისა და თვალების წვას, აზიანებდა მხედველობას და აძნელებდა სუნთქვას. დაზარალებულ ჟურნალისტებს უჭირდათ საუბარიც.

      ტვ პირველის ინფორმაციით, წიწაკის სპრეი შეასხეს სახეში ამ ტელეკომპანიის ოპერატორს ნიკა  კოკაიას და ჟურნალისტს ანა მდივანს, რომელსაც შედეგად სპაზმური შეტევა დაემართა. ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, პოლიციელები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ ტვ პირველის ოპერატორს გიორგი შეწირულს. დამიზნებით შეასხეს წყლის ჭავლი ტვ პირველის ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიას და მის რესპონდენტს. დაშავდა ასევე ოპერატორი დავით ბიჭიკაშვილი, რომელიც ნანუკა ქაჯაიასთან ერთად  მუშაობდა.

      მედია აპრილის ინფორმაციით დაშავდა ფოტოგრაფი ტბელ აბუსერიძე.  

      მედიაჩეკერის ინფორმაციით, პოლიციელებმა ფიზიკური ეურაცხყოფა მიაყენეს „პროექტ 64-ის“ დამფუძნებელს გიორგი გოგუას.

      ქიმიური ნივთიერებით დაშავდა “ფორმულას” ჟურნალისტი გიორგი კვიჟინაძე.

      საპოლიციო ძალების წარმომადგენლებ ფიზიკურად გაუსწორდნენ „ფორმულას“ ჟურნალისტს გურამ როგავას.

      დაშავდა OC Media-ს თანადამფუძნებელი და ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე, რომელიც წლის ჭავლმა წააქცია.

      დაშავდა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი გივი ავალიანი, რომელსაც სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს.

      ქიმიური ნივთიერებით დაშავდა “მთავარი არხის” ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი. 

      რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მათ ჟურნალისტსა და ოპერატორს პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა.

      მედია აპრილის ინფორმაციით, აქციაზე გერმანელი ჟურნალისტი დაშავდა.

      აქციაზე “პუბლიკას“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი დააკავეს. დაკავების დროს პოლიციამ მასზე სასტიკად იძალადა.

      რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს, დათო ცაგარელს, პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა.

      „პუბლიკას” ინფორმაციით, პროფესიულ საქმინობაში ხელი შეუშალეს მათ ჟურნალისტს, ნათია ამირანაშვილს.

      JAMnews-ის ინფორმაციით, მათ ფოტორეპორტიორს, უკრაინელ იულია კალაბანს პირდაპირ სახეში შეასხეს სპრეი, წააქციეს და წაქცეულს დაარტყეს წიხლი

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროტესტს გამოთქვამს აქციის დარბევისას საპოლიციო ძალების მიერ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიზანმიმართული დევნის, მათთვის მუშაობაში მიზანმიმართული ხელშეშლის, ტექნიკის მიზანმიმართულად დაზიანებისა და წართმევის გამო.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუბრუნდეს კანონის ჩარჩოებს და დაუყოვნებლივ შეწყვიტო ძალადობა და თვითნებობა.

 

მსგავსი სიახლეები

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.