კატეგორია : განცხადებები;
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის დროს საპოლიციო ძალებმა არაერთ ჟურნალისტსა და ოპერატორს მიაყენეს ზიანი. მათ უმრავლესობას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. თვითმხილველთა თქმით, საპოლიციო ძალების წარმომადგენლები, მათ, ვისაც კამერა ან მიკროფონი ეჭირა, დამიზნებით ასხამდნენ სახეში ქიმიურ გამაღიზიანებლებს, თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. დაზარალებული ჟურნალისტების შეფასებით, აქციაზე ამჯერად გამოყენებული ქიმიური გამაღიზიანებლები გაცილებით უფრო ძლიერმოქმედი იყო. ისინი ვარაუდობენ, რომ წყლის ჭავლში, რომელიც საპოლიციო ძალებმა აქციის დასაშლელად გამოიყენა, გარეული იყო გაურკვეველი ქიმიური ნივთიერება, რომელიც იწვევდა კანისა და თვალების წვას, აზიანებდა მხედველობას და აძნელებდა სუნთქვას. დაზარალებულ ჟურნალისტებს უჭირდათ საუბარიც.
დაშავდა „ტვ პირველის” ხუთი თანამშრომელი:
-
წიწაკის სპრეი შეასხეს სახეში ოპერატორ ნიკა კოკაიას, არაერთხელ.
-
წიწაკის სპრეი შეასხეს ჟურნალისტ ანა მდივანსაც, რომელსაც შედეგად სპაზმური შეტევა დაემართა.
-
პოლიციელები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპერატორ გიორგი შეწირულს.
-
დამიზნებით შეასხეს წყლის ჭავლი ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიას და მის რესპონდენტს.
-
დაშავდა ასევე ოპერატორი დავით ბიჭიკაშვილი, რომელიც ნანუკა ქაჯაიასთან ერთად მუშაობდა.
ქიმიური ნივთიერებით დაშავდნენ “მთავარი არხის” ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი და ოპერატორი გიორგი გოგინაშვილი, ხოლო ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილს პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. პოლიციელებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ასევე ჟურნალისტ დავით კობიძეს და ოპერატორ ლუკა ბაჩილავას.
სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა „ფორმულას“ ჟურნალისტს გურამ როგავას, რის შედაგადაც მან მძიმე დაზიანებები მიიღო (სახის ძვლისა და კისერთან ხერხემლის მალის მოტეხილობა). ჟურნალისტს ფიზიკურ დაპირისპირებამდეც შეუშალეს ხელი - მას პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს პოლიციელებმა ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ქიმიური ნივთიერებით დაშავდა ჟურნალისტი გიორგი კვიჟინაძე, ასევე ოპერატორი თედო ქვაჩახია. წიწაკის სპრეი შეასხეს ჟურნალისტ ხატია სამხარაძესაც.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ნიღბიანი სპეცრაზმელი მათ ჟურნალისტს, დავით ცაგარელს, პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ფიზიკურად გაუსწორდა - მუცლის არეში მუშტი ჩაარტყა. ქაშვეთის ეკლესიასთან დაშავდა ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი. პროფესიულ საქმიანობაში შეუშალეს ხელი და მცირედი დაზიანება მიაყენეს ოპერატორებს ილია რატიანსა და ზუკა ხიდაშელს.
აქციაზე “პუბლიკას” ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი უკანონოდ დააკავეს. დაკავების დროს პოლიციამ მასზე იძალადა, რა დროსაც ჟურნალისტმა თავისა და სახის არეში დაზიანებები მიიღო. მას ჰოსპიტალიზაცია და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ჟურნალისტ ნათია ამირანაშვილს ტელეფონი გააგდებინეს და მუშაობის საშუალება არ მისცეს. ფოტორეპორტიორი მინდია გაბაძე სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააზიანეს. მუშაობაში არაერთხელ შეუშალეს ხელი ჟურნალისტ ბასტი მგალობლიშვილსაც. გამოცემის ინფორმაციით, მას რამდენჯერმე ჰკრეს ხელი და დაარტყეს.
„მედია აპრილის“ ინფორმაციით, დაშავდა ფოტორეპორტიორი ტბელ აბუსერიძე.
„პუბლიკას“ ინფორმაციით, პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „პროექტ 64-ის“ დამფუძნებელს გიორგი გოგუას.
დაშავდა OC Media-ს თანადამფუძნებელი და ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე. ჟურნალისტი მასზე მიშვებულმა წლის ჭავლმა წააქცია. მას რამდენჯერმე გააგდებინეს ტელეფონი. დაუზიანდა კამერაც. მარიამ ნიკურაძემ ზიანი მიიღო წიწაკის სპეის შესხმითაც.
დაშავდა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი გივი ავალიანი, რომელსაც სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, დაშავდა “პირველი არხის” ოპერატორი დავით ბეჟანიშვილი.
JAMnews-ის ინფორმაციით, მათ ფოტორეპორტიორს, უკრაინელ იულია კალაბანს პირდაპირ სახეში შეასხეს სპრეი, წააქციეს და წაქცეულს ჩაარტყეს.
წყლის ჭავლით დაშავდა „რუსთავი 2“ - ის ჟურნალისტი.
სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა „ექსპრესნიუსის“ ჟურნალისტს ირაკლი მანაგაძეს
პოლიციელებმა გადაღებაში ხელი შეუშალეს სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტებს ნინო წვერავას და ნინო შუბითიძეს. ისინი პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოიყვანა ქაშვეთის ეკლესიის შესასვლელიდან. პოლიციელმა ფეხი ჩაარტყა ოპერატორ გიორგი ბარამიძეს.
წიწაკის სპრეით დაშავდა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი ნინო ლორჩოშვილი.
დაშავდა გერმანელი ჟურნალისტი, რომელიც საპროტესტო აქციას აშუქებდა. გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ დაზიანებები მას თვალის არეში აქვს მიყენებული.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროტესტს გამოთქვამს აქციის დარბევისას საპოლიციო ძალების მიერ ჟურნალისტებისა და ოპერატორების დევნის, მათთვის მუშაობაში მიზანმიმართული ხელშეშლის, ტექნიკის მიზანმიმართულად დაზიანებისა და წართმევის გამო.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუბრუნდეს კანონის ჩარჩოებს და შეწყვიტოს ძალადობა და თვითნებობა. მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს 28 ნოემბერს საპოლიციო ძალების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები.